ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს თქმით, მან პატრიარქის მესაყდრედ შიო მუჯირის დანიშვნის შესახებ მედიისგან გაიგო.
„არ ვიცი, წირვაზე ვიყავით და ამის შესახებ ახლა თქვენგან, ჟურნალისტებისგან გავიგე. ღმერთმა ჯანმრთელად და ბედნიერად გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი. წმინდა გიორგი შეეწიოს და გაახაროს. კიდევ მრავალ წელს იქნება ჩევნი პატრიარქი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი“,- აღნიშნა მან.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაადგინა.
ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი 1969 წლის 1-ელ თებერვალს, თბილისში დაიბადა. 1993 წლის 5 იანვარს ბერად აღიკვეცა. 1995 წლის 19 აგვისტოს დიაკვნად აკურთხეს. ხოლო 1996 წლის 6 მაისს – მღვდლად. ეპისკოპოსად აკურთხეს 2003 წლის 7 სექტემბერს, მთავარეპისკოპოსად - 2009 წლის 20 სექტემბერს, ხოლო მიტროპოლიტად ერთი წლის შემდეგ, 2010 წლის 2 აგვისტოს.