ძალოვანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი საქმე გააკეთონ

ძალოვანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი საქმე გააკეთონ

ამ ეტაპზე ძალოვანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი საქმე გააკეთონ, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი კითხვას, რამდენად ხედავს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საპარლამენტო მოსმენის გამართვის საჭიროებას.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, “ეს ის მომენტი არ არის, როცა სხვადასხვა პირები პოლიტიკულ ქულებს უნდა იწერდნენ“.

“პირველ რიგში, ვიზიარებ გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახის წევრების მწუხარებას. გუშინ მძიმე დღე იყო. მოხდა მძიმე და სამწუხარო ფაქტი. ეს ის მომენტი არ არის, როცა სხვადასხვა პირები პოლიტიკური სპეკულაციებით უნდა იყვნენ დაკავებული და პოლიტიკულ ქულებს იწერდნენ, როცა ჩვენს სამართალდამცავებს ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა საკუთარი სიცოცხლის ფასად მოუხდათ. ამ ეტაპზე ძალოვანებს უნდა მივცეთ საშუალება, რომ საკუთარი საქმე გააკეთონ“, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.