საჭიროა მოლოდინების მართვა, თუ იტყვით, ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრები, ეს დაუყოვნებლივ არ მოხდება, მაგრამ ხალხს სურს ამის დაჯერება, რომ 2-3 წელიწადში მოხდება ეს. შესაბამისად, ამის გამო მთავრობაა წნეხის ქვეშ და არ გვსურს, რომ მთავრობის წარმატებული სამუშაო ამის გამო წნეხის ქვეშ აღმოჩნდეს, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ”ინტერპრესნიუსის” კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
კერძოდ, კითხვაზე, საქართველოს დღევანდელი პროგრესიდან ევროკავშირთან ურთიერთობებში, როგორია სამომავლო პერსპექტივები, თუნდაც გაწევრიანების კუთხით, იოჰანეს ჰანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან დააწესა უვიზო მიმოსვლა, ასევე ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას და ახლა მნიშვნელოვანია ამ დღის წესრიგის განხორციელება.
”ჩვენ ფოკუსირება უნდა მოვახდინოთ საშინაო დავალების შესრულებაზე. ეს საშინაო დავალება უნდა შესრულდეს, ვინაიდან ეს ის პროცესია, რომელიც თქვენს ქვეყნებს განვითარების საშუალებას აძლევს. ნაადრევია სპეკულირება იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება შემდეგი ეტაპი. ფინანსური, საიმიგრაციო კრიზისის შემდეგ ევროკავშირსაც სჭირდება შიდა კონსოლიდაცია. თუ ჩვენ კონსოლიდირებულნი და უფრო ეფექტურები ვიქნებით, ეს ჩვენს სამეზობლოზეც აისახება. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მიმართულია ჩვენი სამეზობლოს დახმარებაზე. სიმართლე გითხრათ ეგოიზმი გვამოძრავებს, ვინაიდან თუ ჩვენს სამეზობლოში კეთილდღეობა და სტაბილურობა იქნება, ეს ჩვენ უფრო მეტ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მოგვცემს. რაც შეეხება მოლოდინებს, ამაზე ვესაუბრებოდი საქართველოს პრემიერ - მინისტრს, საჭიროა მოლოდინების მართვა. თუ იტყვით, ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრები, ეს დაუყოვნებლივ არ მოხდება, მაგრამ ხალხს სურს ამის დაჯერება, რომ 2-3 წელიწადში მოხდება ეს. შესაბამისად, ამის გამო მთავრობაა წნეხის ქვეშ და არ გვსურს, რომ მთავრობის წარმატებული სამუშაო ამის გამო წნეხის ქვეშ აღმოჩნდეს”, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა.