თანამოსაყდრე პატრიარქის მემკვიდრედ ვერ ჩაითვლება, თუმცა ილია მეორე შეიძლება ხაზს უსვამდეს, რომ მომავალ პატრიარქად მისთვის მისაღები შიო მუჯირია

თანამოსაყდრე პატრიარქის მემკვიდრედ ვერ ჩაითვლება, თუმცა ილია მეორე შეიძლება ხაზს უსვამდეს, რომ მომავალ პატრიარქად მისთვის მისაღები შიო მუჯირია

თანამოსაყდრე ავტომატურად პატრიარქის მემკვიდრედ ვერ ჩაითვლება, თუმცა ილია მეორე მიღებული გადაწყვეტილებით შეიძლება ხაზს უსვამდეს, რომ მომავალი პატრიარქის პოზიციაზე მისთვის მისაღები კანდიდატურა მიტროპოლიტი შიო მუჯირია, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” კანონიკური სამართლის სპეციალისტმა, თეოლოგმა ლადო ნარსიამ განუცხადა.

მისივე თქმით, პატრიარქის მიერ თანამოსაყდრის დასახელების გადაწყვეტილებაში იკითხება ის, რომ ილია მეორეს სჭირდება ადამიანი, რომელიც უფრო ენერგიულია და რომელიც მასთან ერთად შეძლებს ეკლესიის წინაში არსებულ სირთულეებთან და გამოწვევებთან გამკლავებას.

“პატრიარქი საკმაოდ ასაკშია, ჩვენ თვალს ვადევნებთ მისი ფიზიკური მდგომარეობის გაუარესებას და მის მიერ მოსაყდრის დასახელება პოზიტიური ფაქტია. ჩვენ იმედით უნდა შევხედოთ, რომ მიტროპოლიტი შიო მუჯირი შეძლებს თავი გაართვას იმ პრობლემებს, რომელიც ახლავს ეკლესიის მართვის პროცესს. ჩემი დაკვირვებით, ასეთი გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ნაკარნახევია სამოქალაქო საზოგადოების, თეოლოგების, სხვადასხვა პირთა მიერ და მას მივესალმები. პატრიარქად არჩევის წესი ითვალისწინებს დადგენილ რეგლამენტს, თუ როგორ უნდა აირჩეს პატრიარქი, დამტკიცდეს და ასე შემდეგ. თანამოსაყდრე ავტომატურად პატრიარქის მემკვიდრედ ვერ ჩაითვლება, თუმცა შეიძლება ილია მეორე მიღებული გადაწყვეტილებით ხაზს უსვამდეს იმას, რომ მომავალი პატრიარქის პოზიციაზე მისთვის მისაღები კანდიდატურა არის სწორედ შიო მუჯირი - მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ასეც წავიკითხოთ”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ლადო ნარსიამ.

პატრიარქმა მის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მესაყდრე შიო მუჯირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსია.

ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი 1969 წლის 1-ელ თებერვალს, თბილისში დაიბადა. 1993 წლის 5 იანვარს ბერად აღიკვეცა. 1995 წლის 19 აგვისტოს დიაკვნად აკურთხეს. ხოლო 1996 წლის 6 მაისს – მღვდლად. ეპისკოპოსად აკურთხეს 2003 7 სექტემბერს, მთავარეპისკოპოსობა ებოძა 2009 წლის 20 სექტემბერს, ხოლო მიტროპოლიტობა ერთი წლის შემდეგ, 2010 წლის 2 აგვისტოს.

ცნობისთვის, შიო მუჯირი სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტია.