მოსაყდრის დასახელება არის განაცხადი პატრიარქის მხრიდან, თუ ვის ხედავს მისი მოვალეობის შემსრულებლად

მოსაყდრის დასახელება არის განაცხადი პატრიარქის მხრიდან, თუ ვის ხედავს მისი მოვალეობის შემსრულებლად

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი აცხადებს, რომ პატრიარქის მიერ მოსაყდრედ მიტროპოლიტ შიო მუჯირის დასახელება ნიშნავს, რომ სიმბოლურად ილია მეორემ მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მინდიაშვილმა განუმარტა, ვინაიდან მონარქია არ არსებობს, ილია მეორის მიერ შიო მუჯირის მოსაყდრის დასახელება მის მემკვიდრედ გამოცხადებას ნამდვილად არ ნიშნავს.

”ეს არ არის მემკვიდრე. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს პატრიარქი, მაგრამ მოსაყდრე არის ადამიანი, რომელიც მისი გარდაცვალების შემთხვევაში მოვალეა 40 დღის განმავლობაში მოიწვიოს კრება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანი განაცხადი პატრიარქის მხრიდან, თუ ვის ხედავს ამ მოვალეობის შემსრულებლად. სიმბოლურად მხარდაჭერაა ნამდვილად. რა თქმა უნდა, არ ნიშნავს პირდაპირ მემკვიდრის დასახელებას, რადგან ეს არ არის მონარქია, რომ მემკვიდრეობით გადაეცემოდეს პატრიარქობა, მაგრამ ამ ადამიანის მკვეთრი გამორჩევა სიმბოლური მხარდაჭერა ნამდვილად არის”, - განაცხადა მინდიაშვილმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.