ვახტანგ გომელაური განმარტავს, რატომ გაგრძელდა სპეცოპერაცია თითქმის 20 საათი

ვახტანგ გომელაური განმარტავს, რატომ გაგრძელდა სპეცოპერაცია თითქმის 20 საათი

სპეცოპერაცია ამდენი ხანი იმიტომ გაგრძელდა, რომ მოქალაქეები და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები არ დაშავებულიყვნენ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა რეფერალურ საავადმყოფოსთან განაცხადა, სადაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაჭრილები მოინახულა.

გომელაურის თქმით, ყველაფერი გაკეთდა რომ სპეცოპერაციას მსხვერპლი არ მოყოლოდა, თუმცა სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.

”პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს, ის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური დანიშნულების მებრძოლი. ასევე დაჭრილი არიან ჩვენი და შს სამინისტროს თანამშრომლები. მათი ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ არ დასრულებულიყო ოპერაცია ასე. იმ ერთი ადამიანის დაღუპვა ძალიან მძიმე იყო. ღმერთს მადლობა, რომ ჩვენი თანმამშრომლები მსუბუქად არიან დაჭრილები. კითხვები იყო იმაზე, თუ რატომ გაგრძელდა ამდენი ხანი სპეცოპერაცია, ზუსტად იმიტომ, რომ არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები, ძალოვანები, პოლიციელები. აქედან გამომდინარე იყო ყველაფერი, რომ ნაკლები დანაკარგები ყოფილიყო”, - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაციის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა ძალოვანი უწყებების 4 თანამშრომელი.