რაც უფრო მზარდი იქნება ჩინეთის ინტერესი საქართველოს მიმართ, მით მეტად იქნება დაინტერესებული იგი საქართველოს სტაბილურობითა და უსაფრთხოებით

რაც უფრო მზარდი იქნება ჩინეთის ინტერესი საქართველოს მიმართ, მით მეტად იქნება დაინტერესებული იგი საქართველოს სტაბილურობითა და უსაფრთხოებით

რაც უფრო მზარდი იქნება ჩინეთის ინტერესი საქართველოს მიმართ, მით მეტად იქნება დაინტერესებული იგი საქართველოს სტაბილურობითა და უსაფრთხოებით, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ხათუნა ლაგაზიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმის შეფასებისას განაცხადა.

ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ჩინეთის ახალი პოლიტიკა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სავაჭრო და ენერგეტიკული დერეფნების დივერსიფიცირებას ითვალისწინებს. ამდენად, პოლიტოლოგი „ერთი გზა – ერთი სარტყელის“ ინიციატივაში ჩართულობას საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნაბიჯად მიიჩნევს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდისა და უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

როგორც ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, საქართველომ აქტიურად მოახდინოს საკუთარი თავის პოზიციონირება, როგორც „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ პროექტის ერთ-ერთი საკვანძო პუნქტისა, რომელიც მასში მონაწილე მხარეებისთვის მომგებიანი იქნება.

შესაბამისად, პოლიტოლოგის შეფასებით, საქართველოს მხარის ინიციატივით დაარსებული „თბილისის აბრეშუმის გზის“ უკვე ტრადიციად ქცეული ფორუმი, როგორც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლების და საერთაშორისო ორგანიზაციების შეკრებისა და თანამშრომლობის პლატფორმა, მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს.

ხათუნა ლაგაზიძე ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების მომგებიანობას რამდენიმე მიმართულებით განიხილავს. მისი შეფასებით, საუბარია სატვირთო ნაკადების მოზიდვაზე ჩინეთიდან ევროპისკენ და პირიქით, რაც ეკონომიკურად უზარმაზარი რესურსი იქნება საქართველოსთვის და რისკენაც უნდა იყოს მიმართული საქართველოს მთელი ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით რეალური პერსპექტივა გაეხსნა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ჩინეთთან ანალოგიური ხელშეკრულების დასადებად გამოიყენა. „ყოველივე გზას უხსნის უზარმაზარ ჩინურ ინვესტიციებს საქართველოში,“ - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

პოლიტოლოგის განცხადებით, დღეს ჩინეთი რუსეთისთვის გაცილებით მეტად ანგარიშგასაწევი პარტნიორია, ვიდრე აშშ, ამიტომაც ის ღიად ვერ შეეწინააღმდეგება ჩინეთის ეკონომიკურ დამკვიდრებას საქართველოში და ვერც მისი ნების წინააღმდეგ წავა.

„აღნიშნულ ფაქტორზე სულ უფრო ხშირად ამახვილებენ ყურადღებას ამერიკული კვლევითი ცენტრებიც, მაგალითად, ცნობილი ამერიკული „კარნეგის ფონდი“ თავის ძალზედ საინტერესო კვლევაში პირდაპირ ამბობს, რომ თუ ჩინეთი ამერიკასთან ერთად გადაინაწილებს საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ტვირთს, ეს ამ რეგიონისთვის ყველაზე მომგებიანი ვარიანტი იქნება“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

„თბილისის აბრეშუმის გზის“ რიგით მეორე ფორუმი 2017 წლის 28-29 ნოემბერს გაიმართება და მასში მსოფლიოს 50 ქვეყნის 1000-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა – მასში მონაწილეობა მიიღო 34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წევრმა და 50 ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელმა. ღონისძიების მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.