სოფო კილაძემ დასაქმების მექანიზმის შესახებ გამართულ საჯარო განხილვაში მონაწილეობა მიიღო

სოფო კილაძემ დასაქმების მექანიზმის შესახებ გამართულ საჯარო განხილვაში მონაწილეობა მიიღო

დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა დასაქმების მექანიზმის შესახებ მომზადებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.

რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი მომზადდა საქართველო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თამჯდომარის, სოფო კილაძის ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონული პროგრამის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება" მხარდაჭერით, პროგრამის ახალი კომპონენტის - „დღის წესრიგი 2030 მოთხოვნების გათვალისწინება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშში საქართველოში", - ფარგლებში. დოკუმენტი შემუშავდა პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის (PMCG) კონსულტანტთა ჯგუფის მიერ.

საჯარო განხილვაზე მოწვეულები იყვნენ დასაქმების მექანიზმზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფის წარმომადგენლების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, კერძო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა კვლევის ფარგლებში გამოვლენილი, საქართველოს დასაქმების ბაზარზე არსებული პრობლემები, მათი გამომწვევი მიზეზები და დასაქმების აქტიური პოლიტიკის ინსტრუმენტების ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ეფექტები.

ასევე, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული მხარეებისგან დოკუმენტთან დაკავშირებული შენიშვნების, რეკომენდაციების და მოსაზრებების გაზიარება.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტში დაიწყო მუშაობა ქვეყანაში დასაქმების კუთხით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენ წინ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა საზოგადოების ფართო ნაწილის მაქსიმალური ჩართულობა. ეს დოკუმენტი წარმოადგენს დასაწყისს, რომელიც თავისი შედეგებით ასახვას ჰპოვებს შემდგომ სამუშაო პროცესებში", - განაცხადა სოფო კილაძემ.​