ნინო გოგუაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

ნინო გოგუაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე  საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს - კერსტინ ლუნდგრენს და ტიტუს კორლეტანს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის ჩატარებულ არჩევნებს და მის შემდგომ პერიოდს. ასევე, არჩევნების ადმინისტრირების და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიტიურ შეფასებებს. მხარეებმა კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების შემდგომ საარჩევნო კოდექსის სამომავლო ცვლილებებზე ისაუბრეს.

ნინო გოგუაძემ საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საპარლამენტო კომიტეტების მუშაობის სპეციფიკა და საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების პროცესში კომიტეტების როლი გააცნო.

„საინტერესო შეხვედრა გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან. სტუმრები ბევრი საკითხით დაინტერესდნენ, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩატარებული არჩევნებით, წინასაარჩევნო გარემოთი და არჩევნების შემდგომი პერიოდით. ჩვენი პარტნიორები ხედავენ და აფასებენ იმ პოზიტიური ცვლილებებს, რომელიც ამ მიმართულებით განხორციელდა. ისინი მხარს უჭერენ საქართველოში  მიმდინარე რეფორმების პროცესს. მათ შეკითხვები ჰქონდათ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ასევე, საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების დინამიკის შესახებ ევროკავშირთან, და სხვა ქვეყნებთან.  ჩვენი ამოცანაა, რომ პარტნიორებს ზუსტი, სწორი და დროული ინფორმაცია ჰქონდეთ ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო გოგუაძემ.
 ​