სიამოვნებით დავუბრუნდებოდი ჩემს პროფესიას

სიამოვნებით დავუბრუნდებოდი ჩემს პროფესიას

სიამოვნებით დავუბრუნდებოდი ჩემს პროფესიას, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, დიპლომატიურ სამსახურში მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„დღეს ამის თქმა ჩემგან არ იქნებოდა სწორი. გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, იმედი მაქვს, მალე იქნება მიღებული. პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა ჩვენს კოლეგებთან კონსულტაციების შემდეგ ჩემი მომავალიც გამოიკვეთება“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ მის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით.

ამასთან, ვიქტორ დოლიძის მტკიცებით, მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შერწყმის გადაწყვეტილება.

როგორც ცნობილია, „ინტერპრესნიუსმა“ 13 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვიქტორ დოლიძე, შესაძლოა, შვეიცარიაში, კერძოდ კი, ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნოს.