აშშ-ს გადაწყვეტილება საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა

აშშ-ს გადაწყვეტილება საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა

ეს არის აშშ-სა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურება, მათ შორის, სამხედრო სფეროში, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას შესახებ.

„სამხედრო სპეციალისტი არ ვარ და კონკრეტულად გამიჭირდება გითხრათ, რა სისტემას გულისხმობს ეს, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ამერიკისა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის, მათ შორის, სამხედრო სფეროში, რომელიც, ალბათ, უკავშირდება იმასაც, რომ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ახლახანს იმყოფებოდა ვიზიტით აშშ-ში. ასე რომ, შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით ვითარდება, მათ შორის სამხედრო სფეროშიც და ეს გადაწყვეტილება ამის ერთ-ერთი დამატებითი გამოხატულებაა“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი თანამშრომლობის და უსაფრთხოების სამმართველოს ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ გამოთქვა სურვილი შეეძინა ამ კომპლექსების 410 რაკეტა, სამიზნე და გამშვები მოწყობილობის 72 ბლოკი, 10 სასწავლო კომპლექსი და მათთვის 70 ჭურვი. გარდა ამისა, ამერიკელი სამხედროები ამ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების ტექნიკურ მომსახურებას და ტრანსპორტირებას განახორციელებენ.

„საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების ხარჯზე იარაღის ეს მიწოდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას გააძლიერებს. შეიარაღების გაყიდვა რეგიონში არსებულ ძალების სამხედრო ბალანსს არ შეცვლის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავდროულად, აშშ-ის კონგრესს ხელშეკრულების დაბლოკვის უფლება აქვს.