Javelin არის თანამედროვე, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტანკსაწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ჩვენ ჯარს ძალიან სჭირდება

Javelin არის თანამედროვე, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტანკსაწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ჩვენ ჯარს ძალიან სჭირდება

ეს ცალსახად ჩვენი ხელისუფლების წარმატებაა, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდებისთვის მხარის დაჭერის ფაქტს.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ვინც ობიექტურად შეაფასებს ამ მოცემულობას, უნდა აღიაროს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო არენაზე ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

„ამას მოწმობს ნატო-სთან, ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა, ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, აშშ-სთან გამორჩეული თანამშრომლობა. ის, რაც დღეს ყველამ გავიგონეთ, არის აღიარება ორ ქვეყნას შორის პარტნიორობის, მოკავშირეობის. ამ სიტყვას ვიყენებ მას შემდეგ, რაც აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა რამდენჯერმე ახსენა საქართველოში ვიზიტის დროს. ეს არის მართლაც ახალი სიტყვა საქართველოს თავდაცვის სფეროში. Javelin არის თანამედროვე, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტანკსაწინააღმდეგო საშუალება, რაც ჩვენ ჯარს ძალიან სჭირდება და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი თავდაცვისუნარიანობისთვის ერთ-ერთი მთავარი კომპონეტი. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით, რომ ჰაერსაწინააღმდგო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემები არის ხერხემალი ჩვენი თავდაცისუნარიანობისთვის. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და, პირველ რიგში მივესალმო აშშ-სა და საქართველო შორის მჭიდრო თანამშრომლობას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას წვლილი მინდა დავაფასო. მას მართლაც წარმატებული ვიზიტი ჰქონდა აშშ-ში და ვიმედოვნებ, რომ მომავალშიც გაგრძელდება ძალიან დიდი რეფორმები თავდაცვის სფეროში. ამასთანავე, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მშვიდობიანი და უფრო სტაბილური იყოს, რაც საერთო ჯამში, უნდა აისახოს ჩვენი ქვეყნის საერთო განვითარებაზე“, - განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმი, „ქართულმა ოცნებამ“ დამტკიცა, რომ ის არის დემოკრატიული ქვეყნის ცივილური მმართველი, მან თავისი მმართველობის ბოლო პერიოდში აჩვენა, რომ არის სანდო საერთაშორისო პარტნიორი.

„კიდევ ერთხელ დავუბრუნდები იმ სიტყვებს, რაც საქართველოში ვიზიტის დროს ვიცე პრეზიდენტმა გააჟღერა - მან საქართველოს „მოკავშირე“ უწოდა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პარტნიორობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, არამედ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის აღიარებას, როგორც თანასწორის, სანდოს, რაც საერთო ჯამში, აისახება მათ შორის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში. როდესაც აშშ გაღიარებს ძალიან ცივილურ მოთამაშედ და გენდობა, ეს ბევრ სფეროზე არაპირდაპირ ზეგავლენას მოახდენს“, - განაცხადა სესიაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 75 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსების მიწოდებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი თანამშრომლობის და უსაფრთხოების სამმართველო იუწყება.