ირაკლი კობახიძეს ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა

ირაკლი კობახიძეს ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება მიენიჭა.

ირაკლი კობახიძე, რომელიც  საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება, დღეს ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში განხორციელებულ, ასევე, მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.

ირაკლი კობახიძემ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს საკონსტიტუციო რეფორმის ძირითადი არსი და  შინაარსობრივი ცვლილებები გააცნო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება  საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე გაამახვილა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის შეუქცევადი არჩევანია.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, ბელარუსის რესპუბლიკასთან მჭიდრო და დინამიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ირაკლი კობახიძემ ბოლო წლებში ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა. მისი თქმით,  ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა და შესაბამისად, საქართველოში არის კორუფციის ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა  საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზეც და განაცხადა, რომ ამ მხრივ ვითარება 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საგრძნობლად გამოსწორდა. ირაკლი კობახიძემ უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებსაც.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისთვის პატივია ბელარუსის ისტორიული სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდების მინიჭება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან ისტორიული მეგობრობა აკავშირებს და პოლიტიკოსების ამოცანაა მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავება.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდების მიღება.  მადლობა გადავუხადე მის აღმატებულება რექტორს, ასევე, პროფესორებს, აკადემიური საბჭოს წევრებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემთვის არის უდიდესი პატივი, ამ ისტორიული უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდების ტარება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბელარუსსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პოლიტიკური კავშირები, ძალიან კარგი ეკონომიკური კავშირები, გვაქვს ისტორიული მეგობრობა, რომელიც აკავშირებს ჩვენს ხალხებს და ჩვენი პასუხისმგებლობა და ამოცანაა პოლიტიკოსების, რომ ჩვენ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ამ მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება  ბატონ ირაკლი კობახიძეს შესაძლებლობას აძლევს, წაიკითხოს ლექციები, კურსები და მიიღოს მონაწილეობა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებაში. ასევე, დაესწროს უნივერსიტეტის საბჭოს სხდომებს“,- განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, ანდრეი კოროლმა.