საბაჟო მონიტორინგის საკითხზე, საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უახლოეს ორ კვირაში გაიმართება

საბაჟო მონიტორინგის საკითხზე, საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უახლოეს ორ კვირაში გაიმართება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, საბაჟო მონიტორინგის საკითხზე, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, შვეიცარიაში, საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება.

როგორც აბაშიძემ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა, ამ შეხვედრაზე სამი ქვეყნის წარმომადგენლები გაივლიან დეტალებს შვეიცარიულ კომპანიასთან კონტრაქტებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მოხდება ამ კონტრაქტების გაფორმება. აბაშიძის განმარტებით, კონტრაქტების გაფორმების შემდეგ იმპლემენტაციის პროცესი დაიწყება.

”ამ კონტრაქტების მომზადებას დიდი დრო დასჭირდა. ასეთი პროექტის პრეცედენტი არ არსებობს, უაღრესად არაორდინალური პროექტია. ჩვენც დიდი დრო დაგვჭირდა ამ კონტრაქტების გაფორმებაზე და როგორც აღმოჩნდა - რუსებს კიდევ უფრო მეტი. ჩვენ წელიწადნახევრის წინ დავამთავრეთ ამ კონტრაქტებზე მუშაობა და ვაცნობეთ რუსებსაც და შვეიცარიელ პარტნიორებსაც, რომ დავასრულეთ და მზად ვართ კონტრაქტების ხელმოწერისთვის. ამის შემდეგ დაიწყო კომენტარების კეთება რუსული მხრიდან, რომ თქვენ მზად არ ხართო, ჩვენი მხრიდან კი ვამბობდით, რომ მზად ვართ და ბურთი თქვენს მხარეს არისო. შვეიცარიელებს ჩვენს მიმართ არანაირი კითხვები არ აქვთ. თითქოს ამ შეხვედრაზე (კარასინი-აბაშიძე) გაირკვა, რომ ეს დისკუსიები უნდა დასრულდეს. ასე მოვილაპარაკეთ, რომ უახლოესი 2 კვირის მანძილზე, შვეიცარიაში შეხვდებიან საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლები, გაივლიან დეტალებს კონტრაქტებთან დაკავშირებით და შემდეგ უნდა მოხდეს კონტრაქტებზე ხელმოწერა. ამის შემდეგ გადავალთ იმპლემენტაციის პროცესზე”, - განაცხადა აბაშიძემ.