თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს კერსტინ ლუნდგრენს და ტიტუს კორლეტანს შეხვდა.

შეხვედრაზე მონიტორინგის კომიტეტის წევრები საკონსტიტუციო რეფორმით დაინტერესდნენ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ ჩუგოშვილმა საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებს საკონსტიტუციო რეფორმასთან და ახლად ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„შეხვედრაზე საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები დაინტერესდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თუ რა ნაწილი დაფარა საკონსტიტუციო რეფორმამ და ასევე იმ  ინიცირებულმა ცვლილებებმა, რომლებსაც დეკემბერში ეყრება კენჭი. ვენეციის კომისიაც ევროპის საბჭოს ერთ-ერთ ორგანოს წარმოადგენს და შესაბამისად, ევროპელი სტუმრები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სრულად არიან ინფორმირებულები", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორები, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკური პარტიების და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს შეხვდებიან.