საქართველოს პარლამენტმა ბელარუსის პარლამენტთან ერთად შეიძლება იმუშაოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე

საქართველოს პარლამენტმა ბელარუსის პარლამენტთან ერთად შეიძლება იმუშაოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე

ბელარუსის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ბელარუსის რესპუბლიკაში იმყოფება, საქართველოს პარლამენტსა და ბელარუსის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებს ასახელებს.

„ვფიქრობთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ბელარუსის პარლამენტთან ერთად შეიძლება, ვიმუშაოთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. რამდენიმე მიმართულებით კონკრეტული საკითხები შეიძლება წამოვწიოთ. ეს არის:  სოფლის მეურნეობა. სოფლის მეურნეობა ბელარუსში განსაკუთრებულად დაწინაურებულია და  მათ აქვთ კარგი გამოცდილება, რომელიც შეიძლება გავიზიაროთ; ასევე,  ეს არის მრეწველობა -  საინტერესოა ლიფტების წარმოება და ტრაქტორები. ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია; ერთ-ერთი ასეთი საკითხია ფარმაცია, რომელიც ბელარუსში კარგად არის განვითარებული და ვფიქრობთ საინტერესო იქნება;  ასევე, ვაჭრობა - მოგეხსენებათ, რომ საქართველოში გახსნილია რამდენიმე ბელარუსული მაღაზია და მოთხოვნა ბელორუსულ პროდუქციაზე გაზრდილია; ასევე,  ტურიზმი - ეს ის მიმართულებებია, რომელსაც, ვფიქრობთ, რომ პარლამენტმა ხელი უნდა შეუწყოს“,- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე თქმით, ეს საკითხები განიხილა ქართულმა მხარემ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების რესპუბლიკის საბჭოსა და ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრებზე.  ირაკლი კოვზანაძემ განცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის ბელარუსის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი ამ მიმართულებების განვითარებას აქტიურად შეუწყობს ხელს.