საქართველო და უკრაინა ახლა რეფორმებზე არიან კონცენტრირებული, ნატო და მოკავშირეები მათ ეხმარებიან

საქართველო და უკრაინა ახლა რეფორმებზე არიან კონცენტრირებული, ნატო და მოკავშირეები მათ ეხმარებიან

ნატო ღია კარის პოლიტიკას აგრძელებს და მზად არის ახალი წევრების მისაღებად, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. აღნიშნულის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება.

„ნატო-ს კარი ღიაა და ამის საუკეთესო დადასტურებას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ცივი ომის დასრულებიდან ალიანსის წევრთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა. გარდა ამისა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ალიანსს მონტენეგრო შეუერთდა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ნატო-ში გასაწევრიანებლად სახელმწიფო გარკვეულ სტანდარტებს უნდა პასუხობდეს.

„საქართველო და უკრაინა ახლა რეფორმებზე არიან კონცენტრირებული: თავდაცვითი ინსტიტუტების მოდერნიზებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე და დემოკრატიის გაძლიერებაზე. ნატო და მოკავშირეები მათ ამ პროცესში ეხმარებიან. საბოლოო ჯამში, ალიანსის 29 წევრი გადაწყვეტს, მივიღოთ თუ არა ახალი წევრი ჩვენს რიგებში. არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება ამ პროცესში ჩაერიოს ან ვეტო დაადოს. ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი გზა, ალიანსს კი შეუძლია გადაწყვიტოს, სურს თუ არა მას გაფართოება“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.