თქვენი ეფექტური და მობილური მუშაობის შედეგი იქნება წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება

თქვენი ეფექტური და მობილური მუშაობის შედეგი იქნება წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება

მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშავეთ და იყავით თანამშრომლობისთვის გახსნილები, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების შემდეგ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კალაძემ საკრებულოს ნდობისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ახლად დამტკიცებულ მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს მიმართა.

“მინდა მივმართო გამგებლებს, თქვენ ხართ სწორედ ის რგოლი, რომელსაც ყოველდღიური შეხება აქვს მოქალაქეებთან და მათ პრობლემებთან. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამგებლები და გამგეობები ეფექტურად მუშაობდნენ და წყვეტდნენ ჩვენი მოსახლეობის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. თქვენი კოორდინირებული მუშაობა საფუძველია იმ კონცეფციის განხორციელების, რომ თბილისი გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი. მივმართავ საქალაქო სამსახურის უფროსებს: - თქვენი სამსახურების ეფექტური და რაც მთავარია, მობილური მუშაობის შედეგი იქნება თბილისის რაიონებში იმ დაპირებების შესრულება, რაც მოსახლეობას გავაცანით და რა მოლოდინიც არსებობს საზოგადოებაში. საზოგადოებრივი განწყობა იქნება ყველაზე ზუსტი შეფასება თქვენი საქმიანობის, სამსახურების ეფექტურობისა და მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშავეთ და იყავით თანამშრომლობისთვის გახსნილები”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ქალაქის მერმა საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებსაც მიმართა და მოუწოდა კონსტრუქციულობისკენ. “მინდა მივმართო ოპოზიციას, იყავით კონსტრუქციულები და იზრუნეთ თბილისზე. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ჩვენი საქართველოს დედაქალაქია და ჩვენი საზრუნავია მისი მომავალი და არა პოლიტიკური ქულების დაწერა”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ქალაქის მერის ინფორმაციით, ახლად დამტკიცებული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და გამგებლები თბილისის მერთან ერთად მუშაობას ორშაბათიდან დაიწყებენ. შესაბამისად, დაიწყება იმ პროექტების განხორციელებაც, რომელიც წინასაარჩევნოდ დაიგეგმა.