„აბსოლუტური კონსენსუსი არ არსებობს არსად დედამიწაზე და არცერთი კონსტიტუცია არ ყოფილა მიღებული აბსოლუტური კონსენსუსით

„აბსოლუტური კონსენსუსი არ არსებობს არსად დედამიწაზე და არცერთი კონსტიტუცია არ ყოფილა მიღებული აბსოლუტური კონსენსუსით"

სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა, რომ მთლიანობაში მიღებულია ძალიან საინტერესო კონსტიტუცია. მთავარი, რისთვისაც შეგეძლო ამ ტექსტზე თანხმობა მიგეცა არის ძირითადი ნორმები - ადამიანის უფლებები იყოს დაცული და მთლიანობაში კონსტიტუცია მიდიოდეს უფრო დემოკრატიული სისტემისკენ: „აბსოლუტური კონსენსუსი არ არსებობს არსად დედამიწაზე და არცერთი კონსტიტუცია არ ყოფილა მიღებული აბსოლუტური კონსენსუსით". 

„მე, ამ შემთხვევაში, როგორც მონაწილე ამ სამუშაოების და როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, შემიძლია ვთქვა, რომ არის ნაწილები ამ კონსტიტუციის, რომლებსაც არ ვეთანხმები, რომლებიც ჩემი გემოვნებით შეიძლებოდა სხვანაირად ყოფილიყო, მაგრამ ჯამში არსებობს ის ცვლილებები, ის ნორმები, რომლებიც დადებითად იცვლება და რომლებიც განსაზღვრავს იმას - შენ როგორც პიროვნება, როგორც დეპუტატი - ეთანხმები თუ არ ეთანხმები ამ ახალი კონსტიტუციის ვერსიას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გამომსვლელმა, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით, მათთვის მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. კერძოდ, 32-ე მუხლის ახალი რედაქციის თანახმად, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა აღარ შეუწყდებათ. მისივე თქმით, ეს მით უფრო მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა ამა წლის სექტემბრიდან, საკუთარი ნებით, გაამკაცრა პირობები, რითაც ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეობას იბრუნებდნენ.

„პირობები პრეზიდენტმა ძალიან სერიოზულად გაამკაცრა. სტატისტიკური მონაცემები ვნახე და ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად სამიდან ორ რეკომენდაციაზე, რაც სახელმწიფო სერვისებიდან მიდის, უარი არის ნათქვამი. ამ პირობებში შეთავაზება არის ასეთი, რომ გარდამავალ ცვლილებებში, რომელიც ამ ახალი ცვლილებების კანონში იქნება მიღებული, დამატებითი ერთი გარდამავალი ნორმა იყოს შეტანილი, რომელიც ითვალისწინებს, რომ 32-ე მუხლი ძალაში შევიდეს ამ ცვლილებების გამოქვეყნებისთანავე. ვფიქრობ, ეს პასუხობს იმ წუხილს და იმ თხოვნას, რომელიც უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეებისგან მოდის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.​