საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი ზედმეტად პოლიტიზებული იყო

საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი ზედმეტად პოლიტიზებული იყო

საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, სამწუხაროდ, ზედმეტად იყო პოლიტიზებული და ამან არ მოგცა საშუალება, სიღრმისეულად გვემსჯელა კონსტიტუციის არსთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქუთაისში, პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თქვენთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და იმ დოკუმენტის განხილვა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცოტა ხნის წინ. მოგეხსენებათ, ჩვენ დავისახეთ ძალიან ამბიციური მიზანი, ფუნდამენტურად შეგვეცვალა საქართველოს კონსტიტუცია და ეს მიზანი განხორციელებულია საქართველოს პარლამენტის მიერ. ჩვენ, სამწუხაროდ, არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ სიღრმისეულად გვემსჯელა კონსტიტუციასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ზედმეტად იყო პოლიტიზებული ეს პროცესი, არასწორი ფორმითაც, შეიძლება ითქვას და ამან არ მოგცა საბოლოოდ იმის საშუალება, რომ სიღრმისეულად გვემსჯელა კონსტიტუციის არსთან და საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, რომ აკადემიური ფორმით ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე და ამის გაკეთება ყველაზე კარგად არის შესაძლებელი, რა თქმა უნდა, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან და მიხარია, რომ დღეს გვაქვს საშუალება, აკადემიური სექტორის, უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, პროფესურასთან, სტუდენტებთან ერთად განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმა და საკონსტიტუციო რეფორმიდან გამომდინარე ცვლილებები“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ინიცირებულია ახალი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ ხუთ ცვლილებას კონსტიტუციაში, თუმცა გარდა ამ ხუთი ცვლილებისა, მან კიდევ ერთელ მიმოიხილა დოკუმენტი, რომელიც უკვე დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით და რომელიც უკვე ძალაშია შესული.

„მე კიდევ ერთხელ გავიხსენებ იმას, თუ რა იყო ჩვენი რეფორმის ძირითადი მიზანი. ორი ძირითადი მიზანი დაუსახა საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, როდესაც ის შეიქმნა გასული წლის დეკემბერში. პირველი მიზანი - ეს იყო კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა სამართლებრივ პრინციპებთან. ამ კუთხით იყო უამრავი ხარვეზი მოქმედ კონსტიტუციაში, მათ შორის, კონსტიტუციის მოქმედი ტექსტი ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპს და ჩვენი პირველი მიზანი იყო, უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა სამართლის პრინციპებთან, მათ შორის, სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან, როგორიც არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, ასევე, საუბარია სხვა პრინციპებზე. მეორე - ჩვენი ამოცანა იყო მმართველობის სისტემის დახვეწა. დღეს საქართველოში მოქმედებს ძალიან დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემა. არის უამრავი ხარვეზი ამ სისტემაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ შეესაბამება მოქმედი მოდელი ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, არ არის საკმარისად ძლიერი პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს ცენტრალური რგოლი ამ სისტემაში, არ არის კარგად გამიჯნული კომპეტენციები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. არის უამრავი სხვა ხარვეზი, რომლითაც ხასიათდება დღევანდელი მმართველობის სისტემა. ჩვენი ამოცანა გახლდათ ამ ხარვეზების გამოსწორება და ვფიქრობ, რომ ეს მიზანიც არის მიღწეული. და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ნებისმიერი კონსტიტუციის არის ის, რომ მან თავიდან უნდა აგვარიდოს, უნდა გამორიცხოს ავტოკრატიის ჩამოყალიბება გრძელვადიან პერსპექტივაში.

ჩვენ ვფიქრობთ, მივიღეთ ისეთი დოკუმენტი, რომლის პირობებშიც აბსოლუტურად არის გამორიცხული ავტორიტარიზმის, ავტოკრატიის ჩამოყალიბება და ეს იქნება უზრუნველყოფილი გრძელვადიან პერსპექტივაში. და მესამე ამოცანა, რომელზეც შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ, ეს არის კონსტიტუციის დახვეწა ტექნიკური თვალსაზრისით. დღევანდელი დოკუმენტი შეიცავს უამრავ ტექნიკურ ხარვეზსაც კი - დაწყებული გრამატიკული, დამთავრებული სტილისტური ხარვეზებით, სტრუქტურა არის აბსოლუტურად გაუმართავი“, - განაცხადა კობახიძემ.