საარჩევნო პლაკატების გაკვრაზე რეგულაციებს შემოვიღებთ

საარჩევნო პლაკატების გაკვრაზე რეგულაციებს შემოვიღებთ

რეგულაციებს, რომ გამოყოფილი იყოს კონკრეტული ადგილები პოლიტიკური პარტიებისთვის და კანდიდატებისთვის, სადაც პოლიტიკურ პარტიებს და კანდიდატებს ექნებათ საარჩევნო პლაკატების გაკვრის შესაძლებლობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ნაძალადევში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის შემდეგ განუცხადა.

კალაძის განცხადებით, თუ პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები რეგულაციებს არ დაემორჩილებიან, დაჯარიმდებიან.

“პლაკატები ამახინჯებს ქალაქის იერ-სახეს, არა მარტო დედაქალაქში, ზოგადად ქვეყანაშია პრობლემა, როცა არჩევნები ტარდება, ვისაც სადაც უნდა, აკრავს პლაკატებს. თუმცა, სამომავლოდ აუცილებლად შემოვიღებთ რეგულაციებს, რომ გამოყოფილი იყოს კონკრეტული ადგილები, სადაც პოლიტიკურ პარტიებს და კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ გააკრან თავისი საარჩევნო პლაკატები. სხვა შემთხვევაში იქნება ჯარიმები”, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საარჩევნო ბანერებს, კალაძის განცხადებით, მისი ჩამოხსნის ვალდებულება კომპანიებს აქვთ, ვისზეც იყო ბანერების გაკვრა დაკვეთილი.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ბანერები ქალაქის იერ-სახეს არ ამახინჯებს.