მოსკოვის განცხადებები, თითქოს ჩვენ მზად არ ვართ საბაჟო მონიტორინგის შესახებ შვეიცარიულ კომპანიასთან კონტრაქტების გასაფორმებლად, სინამდვილეს არ შეესაბამება

მოსკოვის განცხადებები, თითქოს ჩვენ მზად არ ვართ საბაჟო მონიტორინგის შესახებ შვეიცარიულ კომპანიასთან კონტრაქტების გასაფორმებლად, სინამდვილეს არ შეესაბამება

მოსკოვის განცხადებები, რომ თითქოს ჩვენ მზად არ ვართ საბაჟო მონიტორინგის შესახებ შვეიცარიულ კომპანიასთან კონტრაქტების გასაფორმებლად, სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რა ეტაპზეა ტვირთბრუნვის მონიტორინგის თაობაზე მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციაზე მიმდინარე მოლაპარაკებები და როდის იგეგმება შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან ხელშეკრულებების გაფორმება.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, 2011 წელს გაფორმებული ქართულ-რუსული შეთანხმება საბაჟო მონიტორინგის შესახებ ითვალისწინებს მხარეების მიერ ანალოგიური კონტრაქტების გაფორმებას შვეიცარიულ კომპანიასთან.

”ქართულმა მხარემ ამ კონტრაქტის ტექსტზე მუშაობა ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე დაასრულა, რის შესახებაც აცნობა, როგორც შვიცარიულ, ასევე რუსეთის მხარეს. შვეიცარიელებს ჩვენს მიმართ კითხვები არ აქვთ. აი, მოსკოვიდან კი გვესმის განცხადებები, რომ ჩვენ თითქოს მზად არ ვართ კონტრაქტების გასაფორმებლად. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება და მზად ვართ შევასრულოთ 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. ამ მზადყოფნას პრაღაში კვლავ დავადასტურებთ. აღნიშნული პროექტის დეტალური განხილვა ჩვენს ფორმატში ვერ მოხდება, რადგან ეს სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პრეროგატივაა. ჩვენ კი შევეცდებით მოვისმინოთ რუსეთის მხარის კომენტარი განცხადებაზე, რომელიც ამ წლის 7 ივლისს, ჩვენს წინა შეხვედრაზე გაკეთდა. კერძოდ, მაშინ ითქვა, რომ შვეიცარიელების დახმარებით მხარეები უახლოეს მომავალში შეათანხმებდნენ კონტრაქტების ხელმოწერის თარიღს. ამ ნაბიჯის გადადგმისგან რუსეთის მხარე ჯერ აშკარად თავს იკავებს და თბილისისკენ ცდილობს გადმოიტანოს „ისარი“, - განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 9 ნოემბერს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი. პირველი საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ ორმხრივი შეთანხმებაა, მეორე - ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს განამტკიცებს. მესამე: სამივე მხარემ - საქართველომ, რუსეთმა და შვეიცარიამ გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს შვეიცარიის მთავრობა მიანიჭებს. საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი ა) ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და ბ) საერთშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას მოიცავს. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით ნეიტრალური კერძო კომპანია ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს. ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას წარუდგენენ. EDES-ის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შვეიცარიის მიერ დაქირავებული ნეიტრალური კერძო კომპანიისთვის.

მოგვიანებით შეირჩა კერძო შვეიცარიული კომპანია SGS, რომელმაც მონიტორინგი უნდა განახორციელოს, თუმცა აღნიშნულ კომპანიასა და ერთი მხრივ, საქართველოს, მეორე მხრივ, რუსეთს შორის შესაბამისი კონტრაქტები ამ დრომდე არ გაფორმებულა.