რომან კაკულია იოაკიმ ოლსენს შეხვდა

რომან კაკულია იოაკიმ ოლსენს შეხვდა

რომან კაკულიას ხელმძღვანელობით საქართველოს პარლამენტის დანიის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა კოპენჰაგენში, დანიის პარლამენტში სამუშაო შეხვედრები გამართეს

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია დელეგაციის წევრებთან ერთად დანიის პარლამენტის ბიზნესის ზრდისა და ექსპორტის კომიტეტის ვიცე-სპიკერს იოაკიმ ოლსენს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები ბიზნესის განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენციასთან დაკავშირებული კანონმდებლობა იყო. ვიცე-სპიკერმა იოაკიმ ოლსენმა ქართველ კოლეგებს ამ მიმართულებით საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა და მხარდაჭერას დაჰპირდა.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ასევე, დანიის სამეფოს პარლამენტის წევრთან, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის, ასევე ქალთა უფლებების ყოფილ მინისტრთან ევა კიერ ჰანსენთან. შეხვედრაზე ისაუბრეს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე, ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების საკითხზე, დანიის სამეფოს პარლამენტის პოლიტიკური ძალების მიერ კოალიციური მთავრობის ფორმირებასა და მათთან თანამშრომლობის ძირითად პრინციპებზე.

რომან კაკულია: „დანიის სამეფოში ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო დანიის სამეფოს საპარლამენტო გამოცდილების გაზიარება, განსაკუთრებით პარლამენტის მუშაობის პროცედურულ ნაწილში. მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ როგორც მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივების მომზადების, ასევე, პარლამენტის მიერ ამ ინიციატივების მიღებასთან დაკავშირებით. დისკუსიის დიდი ნაწილი დაეთმო თავისუფალი ბაზრისა და თავისუფალი ვაჭრობის პირობებში ეკონომიკის ძირითად გამოწვევებს და ამ გამოწვევებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს".

დანიის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიაა, დელეგაციის წევრები არიან პარლამენტარები: ნინო გოგუაძე, ზაზა პაპუაშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, გელა სამხარაული და ბექა ოდიშარია. საქართველოს პარლამენტის წევრების ოფიციალური შეხვედრები დანიის სამეფოში გუშინ, 7 ნოემბერს დაიწყო და დღესაც გაგრძელდება.