გოგა ონიანი მზადაა, ამ უკანონო პატიმრობას გაუძლოს

გოგა ონიანი მზადაა, ამ უკანონო პატიმრობას გაუძლოს

გოგა ონიანი როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ჯანმრთელობის მხრივ, სტაბილურადაა და მზადაა უკანონო პატიმრობას გაუძლოს, - ამის შესახებ გოგა ონიანის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მსჯავრდებული მოსამართლის გადაწყვეტილებით გაოცებულია, თუმცა სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

”თავად ძალიან გაოცებული და დაბნეულია. სასამართლოს მხრიდან არ ელოდა ამ უკანონო განაჩენს და ბოლომდე იმედოვნებდა, რომ სასამართლო მიიღებდა ობიექტურ გადაწყვეტილებას. გასაჩივრებას რაც შეეხება, ჯერ განაჩენს ჩავიბარებთ და ამის შემდეგ გავასაჩივრებთ. გოგა ონიანი სტაბილურადაა და მზადაა, რომ ამ უკანონო პატიმრობას გაუძლოს”, -განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

გოგა ონიანი სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში, ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ადვოკატ გიორგი ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

გიორგი ონიანს ბარალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით. პროკურატურა მას ორ ეპიზოდს ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის "დაო პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ამავე სცენარით მოხდა ასევე "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მხარდამჭერის ლევან მდინარაძის, მეტსახელად დიჯეი რემბოს დაკავებაც. ონიანს ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით აღკვეთის ღონოსძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.