პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში, ბათუმში, უცხოელი მოხალისე და ადგილობრივი მასწავლებლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე უცხოენოვანმა და ქართველმა მასწავლებლებმა ერთობლივად განიხილეს როგორც პროფესიული განვითარების, ისე სწავლა-სწავლებისა და ადგილობრივ თემთან კომუნიკაციის საკითხები.
აღნიშნული შეხვედრისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ შეიქმნა ახალი ტრენინგ-მოდულები ინგლისურენოვანი, ფრანგულენოვანი და გერმანულენოვანი ჯგუფებისთვის.
სემინარს ესწრებოდნენ ის უცხოელი მოხალისე მასწავლებლებიც, რომლებიც პროგრამის არსებობის ისტორიაში პირველად პროფესიული სასწავლებლების პედაგოგები გახდნენ და ადგილობრივ სტუდენტებთან და პროფესიული განათლების მასწავლებლებთან მუშაობენ.
პროგრამამ 2010 წლიდან დღემდე ბევრი ცვლილება განიცადა. დაიხვეწა პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მოხალისე მასწავლებელთა და ადგილობრივი სკოლების შერჩევის პროცესი. 2012 წლიდან პროგრამას შეუერთდა ჩინური ენის მოხალისე მასწავლებლები, ხოლო 2015 წლიდან პროგრამაში ჩაერთვნენ ფრანგული და გერმანული ენების მოხალისე მასწავლებლებიც. 2013 წლიდან პროფესიული განათლების პრიორიტეტულობამ გამოკვეთა პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის პროფესიული უნარების განვითარების პარალელურად ენის კომპეტენციის გაღრმავების საჭიროებაც, რის საფუძველზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საპილოტე რეჟიმში დაიწყო უცხოელი მოხალისე მასწავლებლების განაწილება პროფესიულ სასწავლებლებში.
პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ 2010 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანი უცხოური ენის სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გზით ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და უცხოური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ადგილობრივ თემში.