თბილისის განვითარების გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი, „სითი ინსტიტუტის“ დირექტორი მამუკა სალუქვაძე საინფორმაციო სააგენტო „აიპრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა უკვე დასრულებულია ორგანიზაციის მხრიდან და ახლა უწყებათაშორისი კომისიიდან ხდება რაღაც პასუხების გაცემა მათ რეკომენდაციებზე, შენიშვნებზე, წინადადებებზე...
დოკუმენტში საუბარია დედაქალაქში არსებული ობიექტების სხვა ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრიდან შემოგარენში გადატანაზე და რეკომენდაციებში დასაბუთებულია ამის აუცილებლობა. „იზოტოპების ინსტიტუტის“ და მსგავსი ობიექტების თაობაზე თბილისის გენერალური გეგმის ავტორი აცხადებს, რომ მათი ქალაქის ცენტრში არსებობის მიზანშეწონილობა განაშენიანების რეგულირების გეგმამ უნდა განსაზღვროს.
- ელიავაზე საუბრობთ და ამბობთ, რომ იქ რეკრეაციული ზონა იქნება უკეთესი, რაც კამათის საგანია. ასევე საუბრობთ ლილოს ნაგავსაყრელის გადატანაზე, რაშიც აბსოლუტურად გეთანხმებით.მაგრამ, გენგეგმაში ვერაფერი ვიპოვე ქალაქის ცენტრში მდებარე იზოტოპების ინსტიტუტზე. ხომ არ არის რამე გენგეგმაში იზოტოპების ინსტიტუტის გადატანაზე? არ მიგაჩნიათ, რომ ქალაქის ცენტრში, როგორც წესი, ასეთი რამეები არ უნდა იყოს.
- საბურთალოზე რომ არის, იმაზე მეკითხებით?
- დიახ
- ობიექტების მიხედვით რომ განგვესაზღვრა, ვერ მოვრჩებოდით ერთი 3 წელი კიდევ, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრი იყოს ასეთი ობიექტი. ასეთი რაღაცეები მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პრიორიტეტებიდან გამოდის და მერე ხდება სამსახურის პრეროგატივა, ან თუ ჩვენ მსგავს ტერიტორიას მოვხაზავთ, მერე გრგ-მ (განაშენიანების რეგულირების გეგმა) უნდა თქვას იქ რა ობიექტი შეიძლება იყოს და რა არა. ამიტომ, ჩვენ კონკრეტიკას ნაკლებად უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ კანონმდებლობა ამბობს, შენ ზოგადი და სტრატეგიული ხარ. მიწათსარგებლობის გენგეგმით რომ ნებართვების გაცემა დაიყოს, გაიჭედებიან, თან მაგრად. აქედან გამომდინარე, მე როგორც სტრატეგიულ ჩარჩოს, ზოგადს, ამას ვაძლევ, მაგრამ ქვეზონები რა იქნება, მოცულობები, პარამეტრები, რეკრეაცია როგორი იქნება დაადგინოს მეორე დონემ.