ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრების დიმიტრი ცქიტიშვილის, ნინო გოგუაძის, ნინო წილოსანის, თამარ ჩუგოშვილის, თამარ ხულორდავას და ეკა ბესელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".
მომხსენებლის, დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტებით, ცვლილება ერთ კონკრეტულ საკითხს, რეფერირების მექანიზმის სამართლებრივი საფუძვლის შექმნას შეეხება, რადგან რეფერირების მექანიზმის ეფექტური საქმიანობისთვის აუცილებელია იყოს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. კონკრეტულად კი, წარმოდგენილი ცვლილებებით, ოჯახში ძალადობის საკითხებთან ერთად, საკანონმდებლო რეგულირების ჩარჩოში მოექცევა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებიც. შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენისთვის, მათი ეფექტიანი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა შესაბამისი სუბიექტების კოორდინირებული საქმიანობა და მათი ფუნქციების, უფლება-მოვალეობებისა და კომპეტენციების განსაზღვრა.
შესაბამისად კანონის მე-7 მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი იდენტიფიკაცია, გამოვლენა, მათი დაცვა, დახმარება, რეაბილიტაცია და ამ მიზნით სახელმწიფო ორგანოებისა და სხვა შესაბამისი სუბიექტების სწრაფი, კოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული საქმიანობა განისაზღვრება „ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერალური პროცედურებით", რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებას.
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელა „ქალთა მოძრაობის" მიერ წარმოდგენილი პეტიციის შესწავლისა და განხილვის მიზანშეწონილობის საკითხზე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ კოლეგებს გააცნო პეტიციის არსი, რომელიც ითვალისწინებს მოთხოვნას პარლამენტმა მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები შრომის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რათა სექსუალური შევიწროვება აიკრძალოს, როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში და მსგავსი ქმედება გახდეს დასჯადი.
სოფიო კილაძის თქმით ეს საკითხი წარმოადგენს გამოწვევას საზოგადოებისთვის, ამიტომ პარლამენტმა უნდა მიიღოს საკითხი განსახილველად. მისივე წინადადებით საკითხი განსახილველად უნდა გადაიგზავნოს გენდერული თანასწორობის საბჭოში, სადაც უნდა მოხდეს საკითხის შინაარსობრივი მომზადება. კომიტეტმა მიზანშეწონილად ჩათვალა და ერთხმად დაუჭირა მხარი წარმოდგენილი პეტიციის განსახილველად მიღების საკითხს.
დღეს ასევე განიხილეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი, რომლებიც სხდომაზე პარლამენტის წევრმა, აკაკი ზოიძემ წარადგინა. მომხსენებლის თქმით, ამ კანონპროექტის მიღებით, გამოსწორდება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში არსებული ხარვეზი, რაც მოქმედი რედაქციის პირობებში შეუძლებელს ხდის სასწავლო და კვლევის მიზნით გვამებისა და გვამური მასალის გამოყენებას.
„ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში მაღალი სტანდარტის სამედიცინო სწავლების პროცესის ხელშეწყობისათვის", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისი განმარტებით, „საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანის ორგანიზმის მაკრო და მიკრომორფოლოგიის შემსწავლელი მეცნიერებების - ადამიანის ანატომიის, ტოპოგრაფიული ანატომიის, კლინიკური ანატომიის, ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და პათომორფოლოგიის შესწავლის სათანადო შედეგი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გვამური მასალის გამოყენებაზე. თანამედროვე მსოფლიოში არსებული სწავლების ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური მეთოდები მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს ბიოლოგიურ მასალაზე მუშაობის საჭიროებას. ფსიქო ვიზუალურ- ტაქტილური, მულტისენსორული შეგრძნებები, რომელიც გვამური მასალის შესწავლას ახლავს თან, სამუდამოდ აღიბეჭდება სტუდენტის გონებაში. ეს დასკვნა ჰიპოთეტური არ არის და ის სტატისტიკურად არის გადამოწმებული", - განაცხადა მან.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს დადგენილი ნორმების „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტით შემოთავაზებულ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანას.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებებს.