იმედია, ნიკა მელიას აბსოლუტურად სულელურ და ბრიყვულ ბრალდებას მისი კოლეგები არ იზიარებენ

იმედია, ნიკა მელიას აბსოლუტურად სულელურ და ბრიყვულ ბრალდებას მისი კოლეგები არ იზიარებენ

ძალიან უცნაურია ლოგიკა, რომ თუ თავისუფლებაში ხარ, ან ციხეს თავი დააღწიე ავტომატურად გარიგებული ხარ, - ასე პასუხობს ”ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას განცხადებას.

ოთარ კახიძე იმედს გამოთქვამს, რომ მისი კოლეგები ”ნაციონალური მოძრაობიდან” ”ამ აბსოლუტურად სულელურ და ბრიყვულ ბრალდებას არ იზიარებენ”.

”დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ ივანიშვილის ხელისუფლებაზე, მის პოლიტიკურ დაკვეთაზე და იმ სასამართლოზე, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების დაკრულზე ცეკვავს. ეს უნდა იყოს ოპოზიციის მთავარი სამიზნე. ამ შემთხვევაში ყურადღების გადატანა სხვა ოპოზიციურ პარტიებზე და შიდაოპოზიციურ გარჩევის თემად ქცევა ონიანის დაპატიმრება არის ერთის მხრივ, უპასუხისმგებლობა და მეორეს მხრივ, სიბრიყვე. ხელისუფლებას ახლა აწყობს, რომ ვისაუბროთ არა ხელისუფლებაზე, არამედ ”ნაციონალურ მოძრაობა”-”ევროპული საქართველოს” დაპირისპირებაზე. ის ნამდვილად ბრალდებულია ხუთი წლის განმავლობაში. ის ციხეში არ მჯდარა და იმედია არც მოუწევს ჩაჯდომა. თუ ივანიშვილის მარწუხებს თავს დააღწევს საერთაშორისო ზეწოლიდან გამომდინარე, ან თუკი ივანიშვილს არ მოუნდება ამ პოლიტიკური ფასის გადახდა მისი დაკავებით, ეს იქნება მხოლოდ კარგი. ამ შემთხვევაში ”ევროპული საქართველო” არ წამოაძახებს, რომ რადგან თავისუფლებაშია, გარიგდა, არამედ პირიქით, ყველაფერს გააკეთებს, რომ კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი არ შეემატოს ივანიშვილის პირადი პატიმრის რიგებს. ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთების ნაცვლად ჯობია ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დაკავდეს ივანიშვილის ხელისუფლებასთან ოპონირებით და მე ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ მისი კოლეგები ”ნაციონალური მოძრაობიდან” ამ აბსოლუტურად სულელურ და ბრიყვულ ბრალდებას არ იზიარებენ”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ დღეს განაცხადა, რომ გოგა ონიანი რომ გადასულიყო „ევროპულ საქართველოში“, ის დღეს დაკავებული არ იქნებოდა.

გოგა ონიანს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.