საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, განმარტოს, რას ეწინააღმდეგება ახალ საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დავით მათიკაშვილმა ყურადღება საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის, ოპოზიცია რას ეწინააღმდეგება, რადგან ცვლილებები, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს, თავის დროზე შეთანხმებული იქნა და ვენეციის კომისიამ მოიწონა.
„საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყო ის, თუ რა ტესტი ჩააბარა „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს იყო ერთგვარი პლებისციტი და ტესტი იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა დადებითად შეფასებულიყო. მნიშვნელოვანია ის, რას ეწინააღმდეგება ოპოზიცია. ცვლილებები, რომელიც თავის დროზე შეთანხმებული იქნა და მოწონებული იყო ვენეციის კომისიის მიერ, ამ ყველაფერს ოპოზიცია ეწინააღმდგეება. რას ეწინააღმდეგებით, 2020 წელს ბლოკების ჩართვას? 2024 წელს ბონუსის გარეშე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას? აღმსარებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს? საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ თემებს? ეს ყველაფერი დემოკრატიის განვითარებისთვის არის და თუკი ეს ცვლილებები ვინმეს უნდა აწყობდეს, ოპოზიციას უნდა აწყობდეს, რადგან დემოკრატიული განვითარების მთლიან სპექტრს ქმნის. საკითხის შინაარსი არც კი ესმით და საერთო სურათის შექმნას ცდილობენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის დემონიზება მოახდინონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. შავი პიარი, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის დასაწყისში ოპოზიციურმა სპექტრმა დაიწყო და სამწუხაროდ, ამ პროცესში ქვეყნის პრეზიდენტი მონაწილეობდა, ფიასკოთი დასრულდა, რადგან ქვეყანას კარგი კონსტიტუცია აქვს. ქვეყანას კარგი კონსტიტუცია ექნება, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.