კანონი რის საშუალებასაც გვაძლევს ნდობის ჯგუფში დავამტკიცებთ ოთხ კანდიდატს. თუკი ინიციატივა იქნება მეხუთე კანდიდატთან დაკავშირებით, ან გაფართოვდეს, ან შემცირდეს ან სხვა ფორმატით განისაზღვროს მონაწილეობა, ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა. მისი თქმით, უმრავლესობას სურვილი აქვს ნდობის ჯგუფი მაქსიმალურად სრულად დაკომპლექტდეს, თუმცა ამის შესაძლებლობას კანონი არ იძლევა.
„თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ავტომატურად არის ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელი. ერთი არის უმრავლესობის წარმომადგენელი, ერთი - უმცირესობის, ერთი - მაჟორიტარების და ერთი ადგილი რჩება. მისი დანიშვნა ხდება იმ ფორმით, ვინც მეტ მხარდამჭერ ხელმოწერას მოიტანს. ამ შემთხვევაში ორივე კანდიდატს წარმოდგენილი აქვს ექვს-ექვსი მხარდაჭერა. შესაბამისად, კანონი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ორივე დაინიშნოს. უმრავლესობა მოწოდებული ვართ, რომ მაქსიმალურად სრულად იყოს დაკომპლექტებული ნდობის ჯგუფი. თუკი რამე ინიციატივები, წინადადებები იქნება, მზად ვართ განვიხილოთ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ არ გვაქვს უფლება სხვანაირად დავამტკიცოთ“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
პარლამენტის ნდობის ჯგუფის ფორმირება დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იგეგმება. უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ მყოფ დეპუტატთათვის განკუთვნილ კვოტაზე ნდობის ჯგუფში კანდიდატურა ორმა საპარლამენტო ფრაქციამ წარადგინა. ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტებმა” ირმა ინაშვილის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო ფრაქცია ”ნაციონალურმა მოძრაობამ” - სალომე სამადაშვილი. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ფრაქცია ექვს-ექვს კაციანია, მხარდაჭერის თვალსაზრისით, რაოდენობრივი უპირატესობა არც ინაშვილს გააჩნია და არც - სამადაშვილს.
უმრავლესობის კვოტით ნდობის ჯგუფში ეკა ბესელია, მაჟორიტარი დეპუტატების კვოტით - არჩილ თალაკვაძე შევლენ. საპარლამენტო უმცირესობას ნდობის ჯგუფში ირაკლი აბესაძის კანდიდატურა ჰყავს წარდგენილი.
ნდობის ჯგუფის შემადგენლობა საქართველოს პარლამენტმა ცნობად უნდა მიიღოს, რაც საოქმო ჩანაწერით ფორმდება. სწორედ ამის შემდეგ ჩაითვლება ნდობის ჯგუფი შექმნილად, რაც მეცხრე მოწვევის პარლამენტის შეკრების ერთი წლის თავზე მოხდება.