პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ვერ აკონკრეტებს, უმრავლესობა სიმონ ნოზაძისა და გია ჟორჟოლიანის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებას ეხება, დაუჭერს თუ არა მხარს.
როგორც ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, ზოგადად პარტიების დაფინანსება პრობლემური საკითხია და მმართველ გუნდს ბლოკების დაშვება სწორედ იმიტომ არ უნდოდა, რომ ფიქციურ პარტიებზე ბიუჯეტიდან დაფინანსება არ წასულიყო.
"კონკრეტულ წინადადებაზე ვიმსჯელებთ და დაფინანსების თემას კომპლექსურად უნდა შევხედოთ, ვიდრე მხოლოდ ერთი სეგმენტით. ამ ინიციატივაზე გადაწყვეტილება, როგორი იქნება, ამაზე ჩემი მხრიდან საუბარი სწორი არ იქნება. გადაწყვეტილება უმრავლესობამ უნდა მიიღოს, მაგრამ ზოგადად, პარტიების დაფინანსების თემა საბიუჯეტო რესურსის დიდწილად არასწორად განკარგვაა და ეს პრაქტიკა გადასახედია", - განაცხადა ჩუგოშვილმა.
ნოზაძისა და ჟორჟოლიანის ინიციატივით, სახელმწიფო დაფინანსება შესაძლოა, ისეთმა პოლიტიკურმა პარტიებმაც მიიღონ, რომელთაც სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ პარლამენტში ფრაქციის შექმნას შეძლებენ. ცვლილებებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტია, რომელიც დამოუკიდებლად, ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა არჩევნებში და თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტი, ან პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით. მეცხრე მოწვევის პარლამენტში გია ჟორჟოლიანი "ქართული ოცნების" პროპორციული სიით მოხვდა, ხოლო სიმონ ნოზაძე "მრეწველების" რიგებიდან, თუმცა აღნიშნულმა დეპუტატებმა ფრაქციების ფორმირება შეძლეს.