სასამართლომ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულს 9  წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ა. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-7 ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  2017 წლის 24 აგვისტოს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ა.-მ, რომელიც სატვირთო ავტომანქანას მართავდა, სამტრედიიდან სუფსის მიმართულებით მოძრაობისას ვერ უზრუნველყო ავტომანქანის ექსპლუატაციის წესების დაცვა, რის შედეგადაც ავტომანქანას გაუმართავი ჩამკეტ-მაფიქსირებელი მექანიზმიდან მოწყდა მისაბმელი, რომელიც უმართავ მდგომარეობაში გადავიდა საპირისპირო სამოძრაო ზოლში და შეეჯახა „ტოიოტა პრიუსს“. შეჯახების შედეგად, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ავტომანქანაში მყოფი ოჯახის 5 წევრი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, ასევე ერთმა პირმა მიიღო  ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება. 

სამართალდამცველებმა ე.ა. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-7 ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ასევე 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ ე.ა. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე 3 წლის ვადით ჩამოერთვა საქმიანობის უფლება.