გამოძიების დასრულებამდე ნაადრევია შს მინისტრმა კითხვებს პასუხი გასცეს

გამოძიების დასრულებამდე ნაადრევია შს მინისტრმა კითხვებს პასუხი გასცეს

მნიშვნელოვანია პაატა პავლიაშვილის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება წარიმართოს გამჭვირვალედ, მაქსიმალურად ეფექტურად და ყველა მხარეს მიეცეს ჩართვის საშუალება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, არიან მოწმეები, რომელთა ჩვენებებიც ძალიან მნიშვნელოვანია. სესიაშვილი ელის, რომ გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

”მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი. ყველას გვაქვს ერთი სურვილი, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება. არ მინდა წინმსწრებად შევიქმნათ განწყობები, პოლიციელმა დააშავა თუ არ დააშავა. ადამიანი გარდაიცვალა და ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს. თუკი ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება, ის ადეკვატურად დაისჯება. თუკი სხვა ფაქტორებს ჰქონდა ადგილი, საზოგადოებამ ამაზეც ამომწურავი ინფორმაცია უნდა მიიღოს”, - აღნიშნა სესიაშვილმა.

დეპუტატის აზრით, გამოძიების დასრულებამდე ნაადრევია კითხვებს პასუხი შს მინისტრმა გასცეს.