განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომა

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის სხდომა

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკანონმდებლო წინადადება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ", „მაუწყებლობის შესახებ", „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ", "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" და „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შესახებ" საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტებთან დაკავშირებით.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მზარდი მონაწილეობის პირობებში წინა პლანზე გადმოიწია მედიაწიგნიერების განვითარების ამოცანამ, რათა საზოგადოებასა და ადამიანს ჰქონდეს თანამედროვე და განახლებული ცოდნა დამოუკიდებლად მიიღოს ინფორმაციული გადაწყვეტილებები და აქტიურად გამოიყენოს ციფრული ტექნოლოგიების მიღწევები.

„ევროპარლამენტისა და ევროკომისიის რეკომენდაციებით განისაზღვრა, რომ წევრი სახელმწიფოები, სამაუწყებლო და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მარეგულირებელ ორგანოებთან და მონაცემთა დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებთან ურთიერთთანამშრომლობით, სხვა აქტივობებთან ერთად, განახორციელებენ ციფრულ გარემოში მედიაწიგნიერების დონის ამაღლების კუთხით სისტემატურ აქტივობებს. მათ შორის, კვლევების, კონფერენციებისა და სხვა საჯარო აქტივობების მეშვეობით, საგანმანათლებლო პროექტების რეალიზაციითა და საზოგადოებაში შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების პროგრესის ხელშემწყობი ღონისძიებებით", - განაცხადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა, ვახტანგ აბაშიძემ.

მისი განმარტებით, საინფორმაციო საზოგადოების განვითარების, ციფრულ გარემოში ყველა თაობისა თუ სოციალური ჯგუფის სახელმწიფო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სამოქალაქო ჩართულობის ზრდის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, პერსონალური მონაცემების დაცვის, ასევე, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვისა და მათი უსაფრთხო და ჯანსაღი საინფორმაციო გარემოთი უზრუნველყოფის ამოცანებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ" მიზნად ისახავს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო-სამართლებრივ ინსტრუმენტებთან დაახლოებას.

კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ინფორმაციით, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება კომიტეტის ინიციატივად იქცევა.

კომიტეტის სხდომაზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობის პროგრამა დეპუტატებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ, მანანა ბერიკაშვილმა წარუდგინა. მისი თქმით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 15-მდე სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ღონისძიება ჩატარდა.

მისივე ინფორმაციით, წელს პირველად გაიმართა თანამედროვე ქართველი ავტორების ლიტერატურული მარათონი, ქართველი კლასიკოსი მწერლების ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების კრებულისა და გრიგოლ რობაქიძის „კავკასიური ნოველების" თარგმანების პრეზენტაციები. ქართული პროგრამის ფარგლებში, ჩატარდა გერმანია-საქართველოს წლისადმი მიძღვნილი დისკუსია.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტმა იურგენ ბოსიმ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ოფიციალურად წარუდგინა საქართველო, როგორც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა. მანანა ბერიკაშვილის განცხადებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის დასასრულს საქართველოს საფრანგეთისგან ოფიციალურად გადაეცა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი. ცერემონიალი ქართველი მუსიკოსის, ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის მიერ შესრულებულ მუსიკალურ პერფორმანსით დასრულდა. მინისტრის მოადგილემ 2018 წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალურად ისაუბრა. კომიტეტის თავმჯდომარემ გამოთქვა მზადყოფნა მაქსიმალური ჩართულობისთვის დაგეგმვისა და კონსულტაციების პროცესში.

კომიტეტმა განიხილა პარლამენტის წევრის, ოთარ დანელიას საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი„ „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".

საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ ვეტერინარიის მინიმუმ 300 კრედიტიანი ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამით უზრუნველყოფილი იქნება იმ ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციის მქონე ვეტერინარი, რომელსაც ითხოვს საქართველოს ბაზარი და დააკმაყოფილებს საერთაშორისო დონეზე განსაზღვრულ მოთხოვნებს სავეტერინარო განათლებაში.

დღესვე კომიტეტმა განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". კანონპროექტის მიღებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან მოხდება იმ დიპლომების აღიარება, რომლებიც გაცემულია სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.