მთავარ პროკურატურაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე  კონფერენცია გაიმართა

მთავარ პროკურატურაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში, გაეროს ბავშვთა ფონდის და ევროკავშირის მხარდაჭერით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა საქართველოს მთავარმა პროკურორმა  ირაკლი შოთაძემ გახსნა. ღონისძიებას მთავარი პროკურორის მოადგილეები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, გაეროს ბავშვთა კომიტეტის თავმჯდომარე რენატა ვინტერი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ლაილა ომარ გადი, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილი იქნა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკის ანგარიში, განრიდების საქმეების კრიმინოლოგიური ანალიზი და მონაცემები დაზარალებული არასრულწლოვნების შესახებ. გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა სამომავლოდ მათი მხარდაჭერით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. 

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2016-2017 წლებში ამ მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომელთა შედეგად გაიზარდა არასრულწლოვანთა მიმართ დევნის ალტერნატიული მექანიზმის - განრიდების გამოყენების მაჩვენებელი; შემცირდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, არასრულწლოვანთა დაკავების, მათ მიმართ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შემთხვევები; შემცირებულია ასევე არასრულწლოვანთა საქმეებზე შემაჯამებელი გადაწყვეტილებების მიღების ვადები. აღსანიშნავია, რომ განრიდების მაჩვენებლის ზრდის პარალელურად, განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის  მაჩვენებელი დაბალია, რაც პროგრამის ეფექტურობაზე მიუთითებს. 

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული პროექტების - ,,ადგილობრივი საბჭოს“ და ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების პრევენციის მიზნით არაერთი ღონისძიება ჩატარდა.

საქართველოს პროკურატურა, გაეროს ბავშვთა ფონდის აქტიური მხარდაჭერით, აგრძელებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს რეფორმირების პროცესს, რათა სამართალწარმოების პროცესში  არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესები მაქსიმალურად იქნეს დაცული.