პარტიამ სახელმწიფო დაფინანსება შესაძლოა, იმ შემთხვევაშიც მიიღოს, თუკი 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს

პარტიამ სახელმწიფო დაფინანსება შესაძლოა, იმ შემთხვევაშიც მიიღოს, თუკი 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს

ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები ე.წ. კვალიფიციური სუბიექტი შესაძლოა ისეთი პარტიაც გახდეს, რომელიც არჩევნებში ამ მიმართულებით დადგენილ 3%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, მაგრამ რომლის წარმომადგენელიც პარლამენტში მოხვდება და ფრაქციის ფორმირებას შეძლებს.

შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს დეპუტატებმა სიმონ ნოზაძემ და გია ჟორჟოლიანმა წარუდგინეს.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას იღებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული პარტია, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში მონაწილეობდა და თუ მან ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების 3% ან 3%-ზე მეტი. ხმათა ეს რაოდენობა გამოიანგარიშება მთელ ქვეყანაში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება წარმოეშობა მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად და იმ შემთხვევაში, თუ პარტია ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკი, რომელშიც ეს პარტია იყო გაერთიანებული, მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3%-ს ან 3%-ზე მეტს ანუ დღეს პარტიისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლების მინიჭება მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების საფუძველზეა შესაძლებელი.

როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, პროპორციული სისტემით პარტიის მიერ მიღებული მინიმალური შედეგი (3%), რომელიც შესაძლებელია არ იყოს საკმარისი იმისათვის, რომ პარტია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში, საკმარისია პარტიის მიერ კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მისაღებად და დაფინანსების მოსაპოვებლად, მაშინ, როდესაც პარტიას, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით, ითვლება, რომ ჰყავს პარლამენტში წარმომადგენელი, თუ იგი არჩევნებში მონაწილეობის მიზნით წარადგენს პარტიული სიის წარდგენისაგან დამოუკიდებლად, მაჟორიტარ კანდიდატებს და ეს კანდიდატები არჩეული იქნებიან პარლამენტის წევრებად.

სიმონ ნოზაძისა და გია ჟორჟოლიანის თქმით, შესაძლებელია, პარტიამ ვერ გადალახოს პარლამენტის პროპორციული სისტემით გამართულ არჩევნებში 3%-იანი ბარიერი, მაგრამ ამ პარტიამ მოიგოს მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნები და მით უფრო, მისმა წარმომადგენელმა/წარმომადგენლებმა შექმნან საპარლამენტო ფრაქციაც კი.

“ასეთ შემთხვევაში, კანონი, ისევე, როგორც აღიარებს და ათანაბრებს პარლამენტის არჩევის ორივე სისტემას და ამ ორივე სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების სტატუსს განსხვავებულად არ ადგენს. ასევე ამ ორივე სისტემით მიღწეული შედეგი - ერთ შემთხვევაში, თუნდაც პარლამენტში მოსახვედრად პროპორციული სისტემით მიღებული ხმების 5%-იან ბარიერზე ნაკლები შედეგი - ხმების 3% და მეორე მხრივ, პარტიის შედეგი - მის მიერ წარდგენილი მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისაგან შექმნილი საპარლამენტო ფრაქცია, თანაბარ პირობებში უნდა იძლეოდეს ასეთი პარტიებისათვის კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის სტატუსის მინიჭებისა და კანონით დადგენილი წესით დაფინანსების მიღების შესაძლებლობას, რაც დაფინანსების მინიჭების არსებული რეგულაციების შეცვლისა და მათი გათანაბრების გზით, აღმოფხვრის პარლამენტში ორივე სისტემით დამდგარი პარტიის შედეგის დისკრიმინაციულ მიდგომას დაფინანსების კუთხით“, - აღნიშნულია ინიცირებული პროექტის განმარტებით ბარათში.

როგორც ცნობილია, სიმონ ნოზაძე პარლამენტში “მრეწველების“ სახელით, ხაშურის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან მოხვდა, თუმცა თავად “მრეწველეთა პარტიამ“ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლეთა ხმების 0.78% აიღო. რაც შეეხება გია ჟორჟოლიანის “სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“, მას როგორც საარჩევნოს სუბიექტს არჩევნებში საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა და პარტიის სამი წარმომადგენლიდან ერთი პარლამენტში “ქართული ოცნების“ პარტიული სიით, ხოლო ორი - მაჟორიტარული ოლქებიდან, “ქართული ოცნების“ წარდგინებით მოხვდნენ.

დღეს ორივე ეს პოლიტიკური სუბიექტი უმრავლესობის შემადგენლობაში და “ქართული ოცნების“ დახმარებით საკუთარი პარტიების სახელობის ფრაქციები აქვთ შექმნილი.