მმართველი გუნდის ტენდენცია არ იცვლება - ჯერ ჩააგდებენ ვეტოს, მერე კი, რაც მასში წერია, სიტყვა-სიტყვით გადაწერენ ახალ ინიციატივებში

მმართველი გუნდის ტენდენცია არ იცვლება - ჯერ ჩააგდებენ ვეტოს, მერე კი, რაც მასში წერია, სიტყვა-სიტყვით გადაწერენ ახალ ინიციატივებში

მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ აღებული ტენდენცია არ იცვლება - მუდმივად ხდება, რომ ჯერ ჩააგდებენ პრეზიდენტის ვეტოს, ხოლო შემდგომ რაც პრეზიდენტის ვეტოში წერია, ამ ტექსტს სიტყვა-სიტყვით გადაწერენ ხოლმე ახალ ინიციატივებში, - ასე ეხმაურება ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების პროცესს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ დროისთვის არ აკონკრეტებს, ჩაერთვება თუ არა პრეზიდენტი საყოველთაო სახალხო განხილვებში.

”მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ აღებული ტენდენცია არ იცვლება. მუდმივად ხდება ის, რომ ჯერ ჩააგდებენ პრეზიდენტის ვეტოს, ხოლო შემდგომ რაც პრეზიდენტის ვეტოში წერია, ამ ტექსტს სიტყვა-სიტყვით გადაწერენ ხოლმე ახალ ინიციატივებში. ასე არის ამ შემთხვევაშიც. ამის მაგალითია ეროვნული ბანკი, როდესაც ჯერ პრეზიდენტის ვეტო ჩააგდეს, ხოლო შემდგომ სიტყვა-სიტყვით გადაიწერა ახალ კანონპროექტში პრეზიდენტის მიერ დაფიქსირებული მოსაზრებები. ამ ტენდენციასთან გვაქვს საქმე ახლაც. როგორც ჩანს, მმართველი გუნდის მიზანი არის არა კვალიფიციური ანალიზი, არამედ მათი თვითმიზანი არის უბრალოდ ვეტოს დაძლევა”, - განაცხადა აბაშიშვილმა.

საუბარია პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე, რომელიც ეხება საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებას, ”ბონუსების” სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით.

პროექტის ინიცირების შემდეგ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია შეიქმნება, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ორი მოსმენით მიღება 15 დეკემბრამდე მოხდება. პროექტს მესამე მოსმენით, საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ.