კიევში თავდასხმის შედეგად გადარჩენილი ადამ ოსმაევი მომხდარში რუსულ კვალს ხედავს

კიევში თავდასხმის შედეგად გადარჩენილი ადამ ოსმაევი მომხდარში რუსულ კვალს ხედავს

კიევის ოლქში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გადარჩენილი ადამ ოსმაევი მომხდარში რუსულ კვალს ხედავს, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საავადმყოფოში განუცხადა.

„ეს და დეპუტატ იგორ მოსიჩუკზე თავდასხმა ერთი ჯაჭვის ნაწილია და რომელიმე ტერორისტული დაჯგუფების მიერ არის შესრულებული“, - განაცხადა დაჭრილმა ოსმაევმა.

გუშინ, კიევის ოლქში უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნენ ავტომობილს, რომელშიც აღმოსავლეთ უკრაინაში ცენტრალური ხელისუფლების მხარეს მებრძოლი ცოლ-ქმარი, ამინა ოკუევა და ადამ ოსმაევი იმყოფებოდნენ.

შემთხვევა კიევიდან 35 კილომეტრის მოშორებით მოხდა. როგორც კი ოსმაევისა და ოკუევას ავტომობილი რკინიგზის გადასასვლელზე გაჩერდა, ბუჩქებიდან უცნობმა პირებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს.

ერთ-ერთი ტყვია ამინა ოკუევას თავში მოხვდა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა. ადამ ოსმაევი კი ფეხში დაიჭრა, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ ეს მეუღლეებზე უკვე მეორე თავდასხმა იყო. მიმდინარე წლის 1 ივნისს, კიევში, დაქირავებულმა მკვლელმა მეუღლეებს თავი ფრანგ ჟურნალისტად გააცნო და შეხვედრაზე დაპატიჟა, შემდეგ კი ავტომობილში ოსმაევს ესროლა, ოკუევამ კი საპასუხო ცეცხლი გახსნა და ქილერი მოკლა.