NDI-ის შეფასებით, ცესკომ ადმინისტრაციული ვალდებულებები დროულად, ეფექტიანად და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით შეასრულა.
"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) თავისი ადმინისტრაციული ვალდებულებები დროულად, ეფექტიანად და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით შეასრულა. დამკვირვებლები ქვედა დონის კომისიების თანამშრომელთა შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით, ცესკოს კეთილ ნებაზე მიუთითებდნენ. უმეტესწილად ეს არჩევნები ტექნიკურად გამართულად წარიმართა, რაც ამ მიმართულებით წარსული პროგრესის გაგრძელებაა. ცესკომ დიდი რაოდენობით დამკვირვებლების, პარტიების, კანდიდატებისა და მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაციის გარდა, საკუთარი 783 წარმომადგენელი დანიშნა, რათა მათ არჩევნების დღეს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის მონიტორინგი განეხორციელებინათ. თავის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის მონიტორინის მიზნით, 239 წარმომადგენელი დანიშნეს. ზემოაღნიშნული სრულად შეესაბამება წინა პრაქტიკას და NDI-ის შუალედური ანგარიშის რეკომენდაციებს. არჩევნების დღე, ზოგადად, წესრიგის დაცვით წარიმართა. NDI-ის დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ იმ უბნებში, სადაც ისინი იმყოფებოდნენ, პროცესებმა გამჭვირვალედ და მშვიდად ჩაიარა. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები მთელი საარჩევნო დღის განმავლობაში თავიანთ ფუნქციებს კეთილსინდისიერად ასრულებდნენ. NDI-ის დამკვირვებლების ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო უბნები დროულად, ან მცირედი დაგვიანებით გაიხსნა, ყველა ძირითადი წესის ზოგადი დაცვით. საარჩევნო პროცედურები ზოგადად დაცული იყო და უბნებზე ხალხმრავლობის ზოგიერთი შემთხვევის მიუხედავად, პროცესი ინკლუზიური და გამჭვირვალე იყო"- ნათქვამია განცხადებაში.