საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია უკრაინის უმაღლეს რადაში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია უკრაინის უმაღლეს რადაში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს

დღეს, პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომა გაიმართა.  პოლიტიკური კომიტეტის შემადგენლობაში  აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელები არიან წარმოდგენილნი.
კომიტეტის წევრებმა 24 ნოემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შესახებ იმსჯელეს და  სამიტის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუცია განიხილეს. პარტნიორებმა ყურადღება გაამახვილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების ევროპულ მისწრაფებებზე, ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორებთან დიფერენცირებული მიდგომის აუცილებლობას, მათ მიერ განხორციელებული რეფორმების და მიღწევების გათვალისწინებით. ევროკომისიას კიდევ ერთხელ მოუწოდეს დაიწყოს მუშაობა ახალი, სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტის შექმნაზე, რომელიც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში უკეთ დაეხმარება. კომიტეტმა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკის განყოფილების დირექტორს მოუსმინა, რომელმაც ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების თანამშრომლობის მიღწევებზე და სამომავლო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ხულორდავამ, ხაზი გაუსვა ევროკავშირის ახალი სტრატეგიული დოკუმენტის „20 შედეგი 2020 წლისთვის" პრაქტიკულ მნიშვნელობას და მის შედეგებს საქართველოს რეალური ინტეგრაციისთვის ევროკავშირის სივრცეში.  

კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში მედიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. ანგარიშში ხაზგასმულია დამოუკიდებელი და პროფესიული სტანდარტების მქონე მედიის როლი დემოკრატიისა და თავისუფალი საზოგადოების განვითარებაში.

კომიტეტმა ასევე, საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე იმსჯელა, რაც აქტუალურია აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. თამარ ხულორდავამ საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრა. კომიტეტის წევრების პოზიციით, მიუხედავად იმისა, რომ იდეალური საარჩევნო სისტემა არ არსებობს და ქვეყნები თავად ირჩევენ მათთვის მისაღებ მოდელს, მისასალმებელია ისეთი სისტემის დანერგვა, რაც მეტად უზრუნველყოფს პლურალიზმს და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობას ეროვნულ პარლამენტებში.   

საკითხები რომლებიც კომიტეტის მიერ იქნა განხილული საბოლოო კენჭისყრისთვის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე იქნება წარდგენილი.