ეკონომიკის მინისტრი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას რეგიონისთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს

ეკონომიკის მინისტრი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას რეგიონისთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს რეგიონისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე - რეგიონულ ჭრილში. საქართველოსთვის ლოგისტიკა და გადაზიდვები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნქცია. ეს დერეფანი, ე.წ შუალედური დერეფანი, რომელიც აბრეშუმის გზის დერეფნის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და პირველი საცდელი სატვირთო შემადგენლობის გაშვება ამ მონაკვეთზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, ეს, ტვირთბრუნვის გარდა, დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ისე -მთლიანად რეგიონს. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ საბოლოო დასრულებამდე კიდევ ბევრი გზაა გასავლელი, კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. ჩვენ გვჯერა და დარწმუნებულნი ვართ, რომ სამივე მხარე ერთად - აზერბაიჯანული, თურქული და ქართული მხარეები ამ სამუშაოებს უმოკლეს ვადაში დაასრულებენ.

რკინიგზის ამ სტრატეგიული მიმართულების გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონისთვის ამ პროექტის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე პირველი სატვირთო შემადგენლობა 5 ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის ლიდერებმა გაუშვეს.

ლიდერებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს, ასევე - იმგზავრეს პირველი მატარებლით, რომელმაც ახლად გახსნილ სარკინიგზო მაგისტრალზე გაიარა.