ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა ანაკლიის პორტის შემადგენელი ნაწილი იქნება

ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა ანაკლიის პორტის შემადგენელი ნაწილი იქნება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის თქმით, ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა ანაკლიის პორტის შემადგენელი ნაწილი იქნება.

„ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზა უკვე ოფიციალურად გაიხსნა და დღეიდან მოძრაობას დაიწყებს ტვირთები. ამიტომ, მნიშვნელოვანი დღეა, როგორც იმ ქვეყნებისთვის, სადაც ეს რკინიგზა გადის, ისე - განსაკუთრებით საქართველოსთვის, რადგან შუა აზიის ტვირთების ძირითადმა ნაწილმა ამ მიმართულებით უნდა იმოძრაოს. ეს რკინიგზა იქნება შემადგენელი ნაწილი ანაკლიის პორტისაც. ანაკლიის პორტის მეშვეობით, ამ რკინიგზიდან გამომდინარე, ნაკადები თურქეთში მოხვდება. ეს პროექტი წინ წაწევს როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ასევე მნიშვნელოვანი იქნება რეგიონის ეკონომიკისთვის“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

რკინიგზის ამ სტრატეგიული მიმართულების გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონისთვის ამ პროექტის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე პირველი სატვირთო შემადგენლობა 5 ქვეყნის – საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთისა და უზბეკეთის ლიდერებმა გაუშვეს.

ლიდერებმა ერთობლივი სამახსოვრო ფოტო გადაიღეს, ასევე - იმგზავრეს პირველი მატარებლით, რომელმაც ახლად გახსნილ სარკინიგზო მაგისტრალზე გაიარა.