„ეს არის გზავნილი ინვესტორებისთვის, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა“, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ამერიკულ გამოცემაში - The Hill საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე დადებითად შეაფასა ამერიკის მხარემ საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო. ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველო არის წამყვანი ქვეყანა რეგიონში სანდოობის მხრივ, სადაც არის წინასწარ გათვლადი და ბიზნესზე ორიენტირებული გარემო. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი, როგორც ასევე აღნიშნულია სტატიაში, უნდა იყოს აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება. მინდა აღვნიშნო, რომ საპარლამენტო ვიზიტის დროს რამდენიმე თვის წინ გვქონდა საუბარი ჩვენს კოლეგებთან როგორც კონგრესში, ასევე - სახელმწიფო დეპარტამენტში. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის როგორც უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე, ქვეყნის კეთილდღეობის მიმართულებით.
ღიაობა, სანდოობა - ასე არის დახასიათებული საქართველო და ზოგადად, არის გზავნილი ინვესტორებისთვის, რომ ეს არის უსაფრთხო ქვეყანა. ეს, ცხადია, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად წვლილი შეიტანოს ქვეყნებს შორის, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
ამერიკულ გამოცემაში The Hill ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ხელმძღვანელისა და საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის მაიკლ ქაუგილის საავტორო პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ბიზნესის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე კეთილგანწყობილი, სანდო და პროგნოზირებადი გარემო აქვს. ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარება კი, თავის მხრივ, უზარმაზარ ბიზნეს შესაძლებლობებს შექმნის.