კახეთის რეგიონს გადასარეკი ტრასების ბიოუსაფრთხოების 3 პუნქტი მოემსახურება. საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბიოუსაფრთხოების პუნქტი, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს შემდეგ, ყვარელის მუნიციპალიტეტშიც ამოქმედდა. ახალი პუნქტის გახსნას პარლამენტის წევრი გელა სამხარაული, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბიოუსაფრთხოების პუნქტში სამიათასამდე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი პარაზიტების საწინააღმდეგო, მაღალი ხარისხის ხსნარით დამუშავდება. ფერმერებს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები უსასყიდლოდ მოემსახურებიან.
„ბიოუსაფრთხოების პუნქტების ფუნქციონირება უზრუნველყოფს გადასარეკ ტრასებზე დაავადებული პირუტყვის გადაადგილების პრევენციასა და ინფექციების გადატანა-გავრცელების თავიდან აცილებას, რაც უმნიშვნელოვანესია როგორც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და მეცხოველეობის დარგის განვითარების, ასევე, სურსათის უვნებლობისა და მაღალხარისხიანი საექსპორტო პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით. პუნქტები მდებარეობს გადასარეკი ტრასების საკვანძო ადგილას, სადაც სეზონურ საძოვრებზე გადარეკვისას მაღალია პირუტყვის ნაკადი. ასე გაკონტროლდება და მოწესრიგდება პირუტყვის გადაადგილება ქვეყნის მასშტაბით", - განაცხადა გელა სამხარაულმა.
ბიოუსაფრთხოების პუნქტები კახეთის გარდა, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულსა და რუსთავშიც ფუნქციონირებს.