აშშ-ის ადმინისტრაცია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობას აქტიურად განიხილავს, - ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ კიევში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კურტ ვოლკერმა განუცხადა.
„არავის აქვს რაიმე შეშფოთების საფუძველი ვინმეს თავდაცვის გამო, თუ ამგვარი მხარე აგრესორი არ არის. ასე რომ, ეს საკითხი არ უნდა იყოს სადავო“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა 7 ოქტომბერს ბელგრადში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწესთან, ვლადისლავ სურკოვთან გამართული მოლაპარაკებების თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს მოლაპარაკებები კონსტრუქტიული იყო.
„ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, შევძლებთ თუ არა საერთო იდეების შემუშავებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეუძლიათ სამშვიდობო ძალებს ხელი შეუწყონ დონბასში კონფლიქტის დარეგულირებას“, - აღნიშნა კურტ ვოლკერმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის აზრით, სამშვიდობო ძალები უფრო ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ უფრო მძლავრი მანდატი ექნებათ, ვიდრე ამას მოსკოვი სთავაზობს.