კახა კალაძე:   მერია, როგორც ბიუროკრატიული მანქანა, უნდა დაინგრეს

კახა კალაძე: მერია, როგორც ბიუროკრატიული მანქანა, უნდა დაინგრეს

მიუღებელია, როდესაც მშენებლობების დროს იღუპებიან ადამიანები, - ამის შესახებ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” სტუმრობისას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მშენებლობებზე უსაფრთხოების წესების დაცვის კუთხით გარკვეული ცვლილებები მოხდება. ”#41-ე დადგენილებაში გარკვეული ცვლილებები იგეგმება. რამდენიმე დღეში ვაპირებ ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას და კონსულტაციებს. ჩვენ გვაქვს ხედვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ. დღესაც არსებობს რეგულაციები, თუმცა, ეს არასაკმარისია. პრობლემები იყო აღსრულების ნაწილშიც. ასევე, ჩემთვის მიუღებელია, როდესაც მშენებლობების დროს იღუპებიან ადამიანები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ დასაცავად. ყურადღება იქნება ასევე ვიზუალურ ნაწილზე მშენებლობების დროს”, -განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რეფორმები იგეგმება როგორც სამშენებლო ნებართვების მოპოვების კუთხით, ასევე მთლიანად არქიტექტურის სამსახურის კუთხით. კალაძის განცხადებით, ხშირად პრობლემები იქმნებოდა გაჭიანურებულ სამშენებლო ნებართვებზეც.

”არის შემთხვევები, როდესაც ბევრი დრო გადის პასუხის მისაღებად. მერია, როგორც ბიუროკრატიული მანქანა, უნდა დაინგრეს და გვჭირდება თანამედროვე და მოქნილი მერია, რომელიც ადამიანებზე მორგებული იქნება”, - განაცხადა კახა კალაძემ.