ალეკოსთან, ელენესთან, ზალიკოსთან, გიორგი ვაშაძესთან - ყველასთან, მზად ვარ თანამშრომლობისთვის

ალეკოსთან, ელენესთან, ზალიკოსთან, გიორგი ვაშაძესთან - ყველასთან, მზად ვარ თანამშრომლობისთვის

ყველა ადამიანს, ვისაც ექნება ხედვა, კონკრეტული პროექტი, რაც ღირებული და მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, ჩვენ მის განხორციელებაში დავეხმარებით, - ამის შესახებ თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა ყოფილ ოპონენტებთან, მათ შორის გიორგი ვაშაძესთან თანამშრომლობას.

კალაძემ აღნიშნა, რომ ის ყველასთან მზადაა თანამშრომლობისთვის.

"ნუ გამოვყოფთ ასე კანდიდატებს. ალეკოსთან, ელენესთან, ზალიკოსთან, გიორგი ვაშაძესთან - ყველასთან, ვისაც აქვს ღირებული ხედვა ამ ქალაქთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება განხორციელდეს, მზად ვარ თანამშრომლობისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ქალაქი არ არის მარტო ჩემი ან "ქართული ოცნების", არამედ ეს არის თითოეული ჩვენგანის და შესაბამისად, ყველა ადამიანს, ვისაც ექნება ხედვა, კონკრეტული პროექტი, რაც ღირებული და მნიშვნელოვანია ქალაქისთვის, ჩვენ მის განხორციელებაში დავეხმარებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საარჩევნო პროგრამაში გაწერილი იყო ძალიან ბევრი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც განხორციელდება მომავალი წლების განმავლობაში, თუ არიან კიდევ ადამიანები და მათ აქვთ კონკრეტული ხედვები, მზად ვართ განვიხილოთ და შემდეგ მოხდეს მათი განხორციელება", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, იცნობს თუ არა კონკრეტულად გიორგი ვაშაძის პროგრამას, კახა კალაძის განცხადებით, ის წინასაარჩევნოდ კანდიდატების პროგრამის გაცნობით არ იყო დაკავებული.

"მე მქონდა ჩემი საარჩევნო პროგრამა, რომელზეც 4 თვის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ურბანისტები, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ჩვენს საარჩევნო პროგრამაში არის წარმოდგენილი არსებული პრობლემების მოგვარების კონკრეტული ხედვები და პროექტები", - განაცხადა კალაძემ.