ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოძალვასა   და  დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოძალვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოძალვასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულთა საქმის არსებითი განხილვა დაასრულა და ოთხივე მათგანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 376-ე მუხლით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  2017 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 03 საათზე, ბათუმში, რუსთაველისა და დუმბაძის ქუჩების კვეთაზე მდებარე დისკო-კლუბ „ვოგი“-ში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: ე. ბ., ე.ფ. და საქართველოს მოქალაქე მ.მ.,  თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს:  ა.ა.-ს და ი.ო.-ს, ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, სძალავდნენ 9800 ლარს. იმავე ღამეს, დაახლოებით 03:30 საათზე, აღნიშნული პირები თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს:  მ.ი.-ს, ჰ.შ.-ს, ე.ქ.-ს და ა.დ.-ს ძალადობის მუქარით, რომელიც საშიში არ იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, სძალავდნენ  დიდი ოდენობით ქონებას - 17100 ლარს. აღნიშნული მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ ცნობილი იყო ამავე დისკო კლუბის მფლობელის, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ბ.- სთვის, მან დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა  სამართალდამცავ ორგანოებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.ბ., ე.ფ. და მ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გამოძალვა ჩადენილი ჯგუფურად) და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა ჩადენილი ჯგუფურად დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) და დანაშაულთა ერთობლიობით ე.ბ.-სა და მ.მ.-ს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ცემისთვის და თვითნებობისთვის ნასამართლევ ე.ფ.-ს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 5000 ლარი ჯარიმა  განუსაზღვრა. ამავე განაჩენით, ს.ბ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) და  2  წლით და 6 თვით  თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.