კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა 59% ევროკავშირის მიმართ დადებითადაა გაწყობილი, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ყველაზე კარგი მაჩვენებელია

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა 59% ევროკავშირის მიმართ დადებითადაა გაწყობილი, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ყველაზე კარგი მაჩვენებელია

საქართველოს მოქალაქეთა 59% ევროკავშირის მიმართ დადებითად არის გაწყობილი, რაც ყველაზე კარგი მაჩვენებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, - ასეთი შედეგები აჩვენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის OPEN პროგრამის ფარგლებში ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ.

კვლევის ფარგლებში 2017 წლის მარტიდან მაისამდე საქართველოში პირისპირ გამოიკითხა 1 000-ზე მეტი ადამიანი. კვლევის თანახმად, საქართველოში აღინიშნება ევროკავშირის მხარდაჭერის ზრდა. აღნიშნული მაჩვენებელი 6%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

საქართველოს მოქალაქეთა 83% მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს - ეს მაჩვენებელი გაიზარდა შარშანდელ მაჩვენებელთან (75%) შედარებით და საგრძნობლად აღემატება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს - 61%-ს.

საქართველოს მოქალაქეთა 66% ენდობა ევროკავშირს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი აღემატება გაერო-ს (56%) და ნატო-ს (54%) მიმართ ნდობის მაჩვენებლებს.

საქართველოს მოქალაქეთა თითქმის ნახევარზე მეტი (58%) კარგად არის ინფორმირებული ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ. მოქალაქეთა თითქმის 1/3 თვლის, რომ არსებული მხარდაჭერა ეფექტურია.

საქართველოს გარდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩატარდა სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვას რესპუბლიკასა და უკრაინაში. ყოველწლიური გამოკითხვები უკვე ორი წელია ტარდება. კვლევის პირველი ეტაპი 2016 წელს დაიწყო.

2017 წლის კვლევის შედეგების პრეზენტაციას ქართული მედიისთვის დღეს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში იანოშ ჰერმანი გამართავს.