ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივასა და საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელეს, ასევე განიხილეს სარატიფიკაციო დოკუმენტი.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ  ნინო ბერძულმა „შრომის საერთაშორისო სტანდარტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით სამმხრივი კონსულტაციების შესახებ" შრომის საერთაშორისო კონფერენციის სამოცდამეერთე სესიაზე (ჟენევა, 1976 წლის 21 ივნისი) მიღებული N144 კონვენცია" წარადგინა და განაცხადა, რომ ეს კონვენცია ეხმარება სახელმწიფოს, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციებს შორის დიალოგის განვითარებას, რამაც თავის მხრივ სოციალური სამართლიანობა უნდა უზრუნველყოს.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, სამივე პარტნიორი ყველა იმ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობს, რაც ღირსეული შრომის ხელშეწყობის მიზნით, შრომის საერთაშორისო ნორმების მიღება-აღიარებას შეეხება.

მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი დოკუმენტის რატიფიცირება განპირობებულია, ერთი მხრივ, სოციალური პარტნიორების სურვილით - განავითარონ და უფრო მაღალ ხარისხში აიყვანონ არსებული სოციალური დიალოგის პრაქტიკა და, მეორე მხრივ, საქართველოს მიერ 2014 წლის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შედეგად აღებული ვალდებულებებით. კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო დოკუმენტს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ წარადგინა. საკანონმდებლო ინიციატივა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში და "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ამ ცვლილებებით შესაძლებელი ხდება არსებულ კანონში ხარვეზების გამოსწორება, რაც სასწავლო და კვლევის მიზნით გვამებისა და გვამური მასალის გამოყენებას დღემდე შეუძლებელს ხდიდა. აკაკი ზოიძის განცხადებით, ეს ცვლილებები ქვეყანაში მაღალი სტანდარტის სამედიცინო განათლების მიღებას შეუწყობს ხელს.

„პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს" მიერ წარმოდგენილი „სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება გიორგი ვაშაძემ გააცნო კომიტეტის წევრებს.  კანონპროექტის მიხედვით, პენსიაზე უფლების წარმოშობის ასაკად ორივე სქესის წარმომადგენლებისათვის ნაცვლად კანონით დადგენილი 65 წლისა, განისაზღვრა 60 წლით.  გიორგი ვაშაძის განცხადებით, პენსიაზე უფლების წარმოშობა  თანაბრად ხელმისაწვდომი ხდება ასაკობრივი თვალსაზრისით და ამ ნიშნით ასაკობრივ დიფერენცირებას აუქმებს.

კომიტეტის წევრთა განცხადებით, ყველა განვითარებულ ქვეყანაში დებატები მიმდინარეობს საპენსიო ასაკის გაზრდის თაობაზე, რადგან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება. მათი შეფასებით, საპენსიო ასაკის დაწევა პოპულისტური ნაბიჯი იქნება და მომავალ თაობებს კრახის წინაშე დააყენებს.

„ერთია კეთილი სურვილი, მეორეა პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ წასულა ამ მიმართულებით. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იზრდება და, შესაბამისად, საპენსიო ასაკის შემცირებაზე არც ერთი ქვეყანა არ ფიქრობს, პირიქით. საპენსიო ასაკის ჩამოწევა მომავალ თაობებს უზარმაზარი დარტყმის ქვეშ დააყენებს, ვინაიდან ეს გამოიწვევს ეკონომიკური აქტივობის შემცირებას", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისივე ინფორმაციით, ზოგადად, ქვეყანაში საპენსიო რეფორმაზე მუშაობა მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, პარლამენტს წლის ბოლომდე წარედგინება მნიშვნელოვანი რეფორმის პაკეტი, რაც ერთხელ და სამუდამოდ მოუსპობს სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებს პენსიების საკითხის პოლიტიკური სპეკულაციის  საგნად წარმოჩენის სურვილს.

კომიტეტმა ასევე მხარი არ დაუჭირა კიდევ ორ საკანონმდებლო წინადადებას. ასოციაცია „ევროპის დროით" მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს შრომის კოდექსი" ცვლილების შეტანას ეხება. ეს ცვლილებები  ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას და დასაქმებულის შრომის პირობების გაძლიერებასა და გაუმჯობესებას, ასევე ორსული დასაქმებულის შრომის პირობების გაუმჯობესებას, კოდექსით კვირაში მინიმუმ ერთი დღის დასვენების დადგენას და სხვა.

აკაკი ზოიძის განცხადებით, მიზანშეწონილია, რომ საქართველოს შრომითი კანონმდებლობის ევროკავშირის  კანონმდებლობასთან დაახლოება მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით განხორციელდეს, რომელიც ასახულია ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების  შესაბამისი წლის სამოქმედო გეგმაში.

კომიტეტის წევრთა აზრით, წარმოდგენილი წინადადებები ფაქტობრივად მხარდაჭერას იმსახურებს, თუმცა მიზანშეწონილია, რომ ვიდრე ისინი კანონპროექტად იქცევა, განხილულ იქნეს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს სოციალური პარტნიორობის სრულფასოვან ჩართულობას საკანონმდებლო პროცესში. შესაბამისად, ამ ეტაპზე საკანონმდებლო წინადადება კომიტეტის მხრიდან არ იყო მხარდაჭერილი.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა მოქალაქე თამაზ ქოქოსაძის საკანონმდებლო წინადადებაზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ყოფილ პერსონალურ პენსიონერთათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების  მინიჭებას ეხება. კომიტეტმა ამ საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა.